Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბავშვური თემა“ - რატომ მოკლეს 15 წლის დავით კრავეიშვილი?


„აი, მერვე სართულზე, შავი სარეცხი რომ არის გადმოფენილი, იქ ცხოვრობდა“, - მეუბნება ხილ-ბოსტნის გამყიდველი ქალი და წითელი, მაღალსართულიანი კორპუსისკენ მიმითითებს. დავით კრავეიშვილის სახლის სარეცხის თოკებზე შავი სარეცხი ფრიალებს. 15 წლის მოზარდი, სახლიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, ღრმაღელის დასახლებაში, ლიახვის ქუჩაზე, 4 დეკემბერს, საღამოს მოკლეს.

სასიკვდილო ჭრილობები ბიჭს ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე, იმ ღამეს ამბობდა, რომ საავადმყოფოში მიყვანისას მოზარდს გული უკვე გაჩერებული ჰქონდა: „ექიმი-რეანიმატოლოგები ეცადნენ გულის მუშაობა აღედგინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა. როგორც ჩვენმა ექიმმა მითხრა, ჭრილობა გულის არეში ჰქონდა“.

რა მოხდა ლიახვის ქუჩაზე?

დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანია დაკავებული. 16 წლის ლ.ი. და 17 წლის პ.ვ. მათ უკვე შეეფარდათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

დავით კრავეიშვილის მკვლელობას გამოძიება 16 წლის ლ.ი.-ს ედავება. თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას დავეყრდნობით, მან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით კრავეიშვილს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ., რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.

ეს არის ის ერთადერთი ოფიციალური ინფორმაცია, რაც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე გავრცელდა. რა იყო დაპირისპირების მოტივი, რასაც 15 წლის მოზარდის სიკვდილი მოჰყვა, გამოძიება ამის შესახებ არაფერს ამბობს. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება თანატოლებს შორის, „შესაძლოა გოგოს გამო“ დაიწყო.

საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ დამნაშავეთა წრე გაიზარდოს. როგორც დაპირისპირების თვითმხილველები, ადგილობრივები ამბობენ, ჩხუბში, რომელიც 32-ე საჯარო სკოლის ეზოში დაიწყო და შემდეგ საცხოვრებელ კორპუსებთან გაგრძელდა, ათზე მეტი ბიჭი მონაწილეობდა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, დავით კრავეიშვილი მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, დედის კუთვნილ მაღაზიაში იმყოფებოდა:

„ათას ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს აქ მოაკითხეს უცხო ბიჭებმა და მაღაზიიდან გაიყვანეს“, - გვეუბნება სასურსათო მაღაზიის გამყიდველი: „ტყუილია, აქ მის წასაყვანად არავინ მოსულა. ჩვენთან იყო შემოსული ბავშვი. დედას ეხმარებოდა ხოლმე. იმ დღესაც შემოირბინა. ჩვეულებრივ ხასიათზე იყო, არაფერი ეტყობოდა. მოწმენდილ ცაზე მოხდა ყველაფერი. არც ის ვიცით, რატომ მოკლეს. ათასი ტყუილ-მართალი ვრცელდება“.

15 წლის დავით კრავეიშვილს დედა ზრდიდა. დედასთან და უფროს ძმასთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდა ღრმაღელის დასახლებაში:

„ჩვენს თვალწინ გაიზარდა. ყოველ დილით ძაღლს ასეირნებდა. სალამი არ დაავიწყდებოდა. თბილი და მოსიყვარულე ბავშვი იყო“, - გვიყვება მოზარდის სახლის ფანჯრებთან, ხილ-ბოსტნით მოვაჭრე ქალი:

„მის მეგობრებს რომ ვხედავ, ცრემლებს ვერ ვიკავებ. ასე მგონია, ისიც მათთან ერთად უნდა გამოჩნდეს. მშრომელი დედა ჰყავს. აქვე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. იმდენი მოახერხა, რომ რამდენიმე თვის წინ, შრომითა და წვალებით, ბინა იყიდა. დაუჯერებელი ამბავი მოხდა. ყველანი თავზარდაცემულები ვართ ჯერ ბიჭის სიკვდილით და მერე დედამისის უბედურებით“.

რა ამბობს მკვლელობაში ბრალდებული და მისი ადვოკატი?

16 წლის ლ.ი. დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატი გოგა ბოგვერაძე გვეუბნება, რომ სანამ მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთან პოზიციებს არ შეათანხმებს, ის დეტალებზე ვერაფერს გვეტყვის. ლ.ი.-ს ადვოკატი, სავარაუდოდ, ერთ კვირაში შეხვდება.

გოგა ბოგვერაძე ამბობს, რომ ლ.ი-სა და მის მეგობარს, ლიახვის ქუჩაზე 10-ზე მეტი ადამიანი გაუსწორდა:

„აქეთ მხარეს იყო მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და მისი მეგობარი. იქით მხარეს ათზე მეტი ადამიანი. მათგან დაკითხულია დაახლოებით შვიდი“.

ადვოკატს საქმის მასალები რამდენიმე დღის წინ გადაეცა. ამბობს, რომ მასალებში არ დევს პირდაპირ მტკიცებულება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობას დაადასტურებს.

რა უდევს საფუძვლად ლ.ი-ს მიმართ წაყენებულ ბრალს? - ამ კითხვაზე ადვოკატი გვპასუხობს, რომ 16 წლის არასრულწლოვანს ბრალი წაყენებული აქვს დაპირისპირებაში მონაწილე პირების ჩვენებების საფუძველზე:

„თუმცა, თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებშიც არის განსხვავებული დეტალები და მათი ჩვენებებიც კარგად გამოსაკვლევი და გამოსაკითხია სასამართლოზე. რას და როგორ მიუთითებენ თავის ჩვენებებში, ამ დეტალებზე ახლა ვერ ვილაპარაკებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მკვლელობას არ აღიარებს. ცხადია, არ უარყოფს, რომ ის და მისი მეგობარი ამ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, მაგრამ მკვლელობა მას არ ჩაუდენია“.

გოგა ბოგვერაძის თქმით, საქმეში არ დევს მკვლელობის იარაღი - დანა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანა, სავარაუდოდ, ეკუთვნოდა გარდაცვლილი არასრულწლოვნის მეგობარს.

ადვოკატი გვეუბნება: „მე ვიცი, საიდან გაჩნდა ვერსია, რომ დანა ეკუთვნოდა გარდაცვლილის მეგობარს, მაგრამ ამის შესახებ დეტალებს ვერ გეტყვით. ჯერ უნდა შევხვდე ბრალდებულს და მერე შევძლებ დეტალებზე ლაპარაკს. ჩვენთვის კარგი იქნებოდა, რომ მკვლელობის იარაღი ამოღებული იყოს. ამითი დავადასტურებდით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, შესაძლოა, იარაღი ხელში ეჭირა, მაგრამ ეს იარაღი პირველ რიგში ეჭირა სხვას“.

რა იყო დაპირისპირების მოტივი? - ვკითხეთ ადვოკატს, რომელიც გვპასუხობს:

„ჩემთვის ცნობილია მოტივი. დეტალებს ვერ მოგიყვებით ამ ეტაპზე. გოგოსგან წამოსულია, მაგრამ... ბავშვური თემაა“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა ლ.ი.-მ ჩხუბის დროს მამას დაურეკა და დასახმარებლად დაუძახა, თუმცა, მამამ ადგილზე მისვლა ვეღარ მოასწრო. ადვოკატი ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ არასრულწლოვანი სამართალდამცავებმა ოჯახში დააკავეს.

15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 16 და 17 წლის ბრალდებულები გლდანის არასრულწლოვანთა კოლონიაში არიან გადაყვანილნი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG