Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა ალიაქსანდრ ლუკაშენკას შვილსა და 12 კომპანიას


ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ალიაქსანდრ ლუკაშენკა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ახალი სანქციები დაუწესა ბელარუსის ხელისუფლებას და მასთან ასოცირებულ კომპანიებს, ევროპის საზღვართან მიგრანტთა კრიზისის გამო, რომლის გაღვივებაშიც აშშ და ევროპა ბელარუსის რეჟიმს ადანაშაულებენ. ამჯერად სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ 12 კომპანია, 20 პირი, 2 თვითმფრინავი და ერთი შვეულმფრენი.

ფიზიკურ პირებს შორის შეზღუდვა გავრცელდება ასევე ალიაქსანდრ ლუკაშენკას შუათანა შვილზე, დმიტრიზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ანატოლი ლაპოსა და ჰოკეის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტზე, დმიტრი ბასკოვზე.

რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქცირებულთა სიაში შეიტანა კომპანიები: „ბელტექექსპორტი“, „სლავკალიუმი“(რომელსაც სანქციებში მოხვედრილი შვეულმფრენი ეკუთვნის), „ბელარუსის კალიუმის კომპანია“, „ცენტრკურორტი“ და „პრეზიდენტის სპორტული კლუბი“, რომელსაც ალიაქსანდრ ლუკაშენკას შვილი, დმიტრი ლუკაშენკა ხელმძღვანელობს.

ვაშინგტონის პარალელურად, მინსკის წინააღმდეგ ახალი სანქციები ევროკავშირმაც შემოიღო. ევროპული სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ 17 ფიზიკური პირი და 11 ორგანიზაცია, მათ შორის საავიაციო გიგანტი „ბელავია“ და სახელმწიფო საწარმო-გაერთიანება „ბელარუსნავთი“. ეს უკვე ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემოღებულ სანქციათა მორიგი, მეხუთე პაკეტია.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინსკი "მკაცრ" და "ასიმეტრიულ" პასუხს დაუპირისპირებს ევროკავშირის მორიგ სანქციებს.

ევროკავშირი ბელარუსის რეჟიმს ადანაშაულებს მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურად შექმნაში. ევროკავშირში ეჭვობენ, რომ ბელარუსის რეჟიმს ქვეყანაში ორგანიზებულად ჩაჰყავს მიგრანტები ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებიდან და მათ გზას უხსნის მეზობელი ლიეტუვისა და პოლონეთისკენ.

2021 წლის მაისში, ბელარუსის მმართველმა ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი აღარ შეაჩერებს ქვეყნის ტერიტორიის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიგრანტების გადაადგილებას. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა ლიეტუვისა და პოლონეთისკენ არალეგალურად მიმავალი მიგრანტების რაოდენობა. ევროკავშირმა ბელარუსის რეჟიმი დაადანაშაულა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პასუხად მიგრაციული კრიზისის პროვოცირებასა და ჰიბრიდულ შეტევაში.

ევროკავშირმა ლუკაშენკას რეჟიმს სანქციები დაუწესა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების, ოპოზიციის დევნისა და ადამიანის უფლებების მასობრივად შელახვის გამო.

XS
SM
MD
LG