Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა პროცესზე განმარტა რის გამო განიცდის სინანულს


საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა 29 დეკემბრის სასამართლო პროცესზე მის მიერ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოისმინა განცხადებები იმის თაობაზე, რატომ არ იყო მის სიტყვაში მეტი სინანული.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის მზადაა კამათისა და დისკუსიისთვის და ამ გზით კათარზისისთვის საზოგადოების წინაშე და არა უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა ჩემს წინა გამოსვლაში და მეტი სინანული. როდესაც ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია, მათთვის ეს ისეთივე სინანულია, ეს იყო ისეთივე, როცა სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდნენ, თავისი საჯაროდ აღიარებული ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანულო არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, დანარჩენ საზოგადოებასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო, მთლიან საზოგადოებასთან.

თქვენ იცით, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი მე დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი" ეს არის პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველის პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონვა, აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა და რეფლექსია. ფიქრი იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი. მაგრამ დავით აღმაშენებელს "გალობანი სინანულისანი" არ წარმოუთქვამს თურქ სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში. ბატონებო, მე ახლა პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ გაიგეთ, რა მდგომარეობაშია [ქვეყანა]",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ისაუბრა ასევე 2007 წელს ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმეზე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას სტრესულ მოგონებებზე, რომლის თაობაზეც თავად გრიგოლიას მოუყოლია და თქვა, რომ ძალიან განიცდის, რომ მას ეს სტრესი მიადგა.. მაგრამ ახსენა, რომ იმავე დროს თავადაც ჰქონდა მძიმე ტრავმა, მაღალი სიცხე, ანთება და ეს იყო სტრესის და იმ განცდების შედეგი, რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში მისცა ინგა გრიგოლიას მაშინ ინტერვიუ. ინგა გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება.

ეს მინდა იცოდეს ინგამაც, ეს არასოდეს მითქვას და ეს ასე იყო, იმ ინტერვიუს შემდეგ, გვერდით ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი, ალბათ მისი ხარჯებიც შეტანილია და ალბათ "ბოტოქსი ჰქვია" იმასაც, მაგრამ გერმანელი ექიმი მელოდა, რომელიც შემდგომ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩემს განკურნებას. ეს ნიკა ყიფშიძემ (მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი) და თემურ ჯანაშიამ (დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი) კარგად იცის“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა და განაგრძო - "ამიტომ მეგობრებო, ვინც ჩემს ბოდიშს გულწრფელად, არაგულწრფელად ან არასაკმარისად თვლით, ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება დაშვებული შეცდომების საკმარისი არ არის, რომ ეს საერთოდ არ არის საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო, ყველაფერი, მე მინდა ყველას გითხრათ, მზად ვარ მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია, მზად ვარ ვიკამათო და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით, სადაც მართალი შეიძლება აღმოვჩნდე, დამეთანხმოთ. განსხვავებით ამ სასამართლოსგან, აქ აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებას. ან სადაც მართალი არ ვიქნები, მე დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და განწმენდის პროცესი. ბოდიშს, ცხადია, მე არავისგან არ ვითხოვ და ამაზე საკითხი საერთოდ არ დგას",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს, 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე განიხილება.

პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.

XS
SM
MD
LG