უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციით დასავლეთის ქვეყნების მზარდი შეშფოთების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააფრთხილა მოსკოვი, რომ ნებისმიერი აგრესიის განმეორება უკრაინის წინააღმდეგ „სერიოზულ შედეგებს“ გამოიღებს.
30 ნოემბერს რიგაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბლინკენმა „უჩვეულო“ უწოდა რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციას და დასძინა, რომ „აშშ-ში დიდ შეშფოთებას იწვევს ესკალაციისკენ მიმართული რუსეთის ნებისმიერი ქმედება“.
ლატვიის დედაქალაქში ორდღიანი მინისტერიალის დღის წესრიგით განსახილველ საკითხებს შორის იქნება ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება და ნატოს პოტენციალის გაძლიერება ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ.
რუსეთი, რომელმაც 2014 წელს ხელთ იგდო უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და სამხედრო დახმარებას უწევს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინის სისხლისმღვრელ კონფლიქტში, უარყოფს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გეგმას და დაძაბულობის ესკალაციაში ნატოს ადანაშაულებს.