Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოხუცების ადგილი აქ არ არის“


12 ათასზე მეტი გარდაცვლილი, დღეში 80 კაცი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80 კაცი ერთი დიდი სოფელია ან 8 - პატარა, მაგრამ მე ცოტა სხვა შედარებას მოვიყვანდი. წარმოიდგინეთ რომელიმე მცირე თეატრის პარტერი, ის დაახლოებით ამდენ მაყურებელს იტევს. წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე პარტერში 80 ადამიანი შემოდის და ჩუმად უყურებს რა ხდება სცენაზე. ის, რაც სცენაზე ხდება, მართალია, ტრაგედიაა, მაგრამ სულ სხვა რეპერტუარიდან - პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება... საღამოსკენ ეს 80 კაცი დარბაზიდან გადის, მეორე დღეს მათ ადგილს სხვა 80 იკავებს და ახლა ისინი უყურებენ სპექტაკლს, რომელიც მათ არ ეხება.

ასე მშვიდად მივიღებდით დღეში 80 ადამიანის სიკვდილს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოხუცები რომ არ იყვნენ? მეეჭვება.

შემჩნეული მაქვს, როდესაც ოჯახში მოხუცი კვდება და პოლიცია გარდაცვალების ცნობის დასაწერად მოდის, იმ ოთახში, სადაც ცხედარი ასვენია, არც კი შეიხედავს ხოლმე. არ ამოწმებს, მართლა სიბერით მოკვდა ადამიანი თუ სხვა რამე მიზეზიც იყო. საერთოდ მოკვდა თუ არა, იმასაც არ ამოწმებს.

ის, რომ ჩვენთან ბებიები და ბაბუები უყვართ, ასაკოვან ადამიანს პატივს სცემენ, მოხუცს ჭკუას ეკითხებიან და ასე შემდეგ, ძველი ხალხური ზღაპარია. ამ ზღაპრებს ახლა ბუკინისტებში თუ იშოვით, თანამედროვე გამომცემლები აღარც ბეჭდავენ. სინამდვილეში საქართველოში მოხუცების ადგილი არ არის და ამას ყველა მარტივად მიხვდება, ვისაც ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში დაბერების შეშინებია.

აფხაზეთის ომის დროს, როდესაც ხალხი სამშვიდობოს გარბოდა, ოჯახებში ყველაზე უფროსებმა სახლები არ მიატოვეს. მაშინ ყველას გულწრფელად ეგონა, რომ მოხუცს არავინ არაფერს დაუშავებდა, მაგრამ ომმა სულ სხვა რეალობა დაგვანახვა - სამოქალაქო პირებს შორის ყველაზე მეტი დაღუპული სწორედ მოხუცი იყო. იგივე გამეორდა 2008-ში და იგივე მეორდება უკვე დღეს, კოვიდთან ბრძოლისას. უბრალოდ, ახლა მხოლოდ ხალხს ვკარგავთ და არა ტერიტორიას, თან თავს ვიმშვიდებთ, რომ ისედაც მალე დაიხოცებოდნენ. მაგრამ დაიხოცებოდნენ კი? ეს ჩვენთან ბერდებიან და კვდებიან ადამიანები ნაადრევად.

ყველას გვაქვს სახლში კარადა, სადაც ძველ ტანსაცმელს ვინახავთ. ბაბუის უკანასკნელი პიჯაკი გამოიღეთ და დაათვალიერეთ, სწორედ ის, დღესასწაულებზე რომ იცვამდა და ბოლოს სამი ზომით დიდი რომ ჰქონდა. მხრებშიც გაუგანიერდა, სახელოებიც დაუგრძელდა, ადრე თუ ვიწრო იყო, ახლა ჯემპრზე ჩაცმულიც შეეკრა... ალბათ ცხოვრებას რეალურად მაშინ ამთავრებ, როდესაც ტანსაცმელს თავად უპატარავდები, როცა პიჯაკი გიდიდდება, შენს ზომას კი აღარ ყიდულობ.

საქართველოს მოსახლეობის 15%-ზე მეტი 75 წელს არის გადაცილებული. ისინი ბევრნი არიან, მაგრამ მათთვის არც სამსახურია, არც ღირსეული პენსია, არც თავშესაფრები, არც წამლებზე ფასდაკლება და საერთოდ არაფერი, რაც ამ ხალხს აფიქრებინებდა, რომ კიდევ შეიძლება ცხოვრება, კიდევ ბევრი რამ დარჩათ გასაკეთებელი. გაკეთებასაც თავი დავანებოთ, ხომ შეიძლება, ადამიანმა ერთი-ორი წელი თავისთვის იცოცხლოს მეუღლეზე, შვილიშვილებზე, სამსახურზე ზრუნვის გარეშე. ის ადგილები ნახოს, რომლის სანახავად მანამდე ვერ მოიცალა, იმაზე იფიქროს, რაზეც ფიქრის დრო არასდროს ჰქონდა, იმ ამბებს მოჰყვეს, მხოლოდ მას რომ ახსოვს: როგორ იბრძოდა ომში, რამდენ ტონა ჩაის კრეფდა, რომელი შენობები იდგა მისი ახალგაზრდობის ქალაქებში, რამდენჯერ მოუნდა ოჯახის დანგრევა და გადაიფიქრა, ვინ უყვარდა სინამდვილეში და როგორ ვეიმედებოდით ჩვენ, მისი ბავშვები, გაიზრდებიან და ქვეყანას ააშენებენო...

ეს თაობა ახლა მიდის! მიდის უკანმოუხედავად! დღეში 80 კაცი!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG