გლდანის ციხის პატიმარი, 30 წლის ბექა ცერცვაძე 36 დღეა შიმშილობს. ის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მანამ არ იტყვის უარს პროტესტის ამ უკიდურეს ფორმაზე, სანამ მისი აღკვეთის ღონისძიება არ შეიცვლება და საპატიმროს არ დატოვებს. შვილის ჯანმრთელობის გაუარესების და იმის შიშით, რომ მას ციხეში არ მოუვლიდნენ და სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდნენ, ბექას მამამ ციხესთან თავის დაწვა სცადა. პატიმარი აცხადებს, რომ ეს მისი ბრძოლაა სისტემის წინააღმდეგ. ის თავადაც უჩივის პრობაციის სამსახურის დაცვის თანამშრომლებს უფლებამოსილების გადამეტებისათვის და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
„თუ ვინმე იტყვის თავი მოიკლაო, აუცილებლად შეუსწორეთ და უთხარით, რომ უსამართლობასთან ბრძოლას შევეწირე“, - წერია წერილში, რომელიც ბექამ ციხიდან ოჯახს გამოუგზავნა.
ოქტომბრის ბოლოს, ბექა ცერცვაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მას შელაპარაკება მოუვიდა პრობაციის სააგენტოს დაცვის პოლიციის თანამშრომლებთან - კამათი იმას მოჰყვა, რომ ბექა ცერცვაძეს შენობაში პირბადის აწევა მოსთხოვეს. პრობაციის სამსახურში ყოფილი პატიმრის სავალდებულო ეს ვიზიტი ისევ მისი დაკავებით დასრულდა. ის შენობიდან ძალით გამოაძევეს, თუმცა საქმის გარჩევა გარეთაც გაგრძელდა.
ბექა ცერცვაძე იქ მომხდარ ამბავს საკუთარი ტელეფონით იწერდა. მას დღეს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, მუქარას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ასევე პოლიციისდმი წინააღმდეგობის გაწევას.
26 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაგვიდასტურა, რომ მოშიმშილე პატიმარი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ასევე გვითხრეს, რომ ის კვლავ უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე და სრული მოშიმშილის სტატუსს ინარჩუნებს.
ბექა ცერცვაძის დედა, ნატალია ბაგაური რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოჯახი ელოდება მათთვის რაიმე სასიკეთო ცნობას პროკურატურისგან, რის შემდეგაც ბექა დათანხმდება გადასხმების გაკეთებას და მკურნალობას.
შიმშილობის დაწყების დღიდან, 26 ოქტომბრიდან, პირველი ათი დღე პატიმარი მშრალად შიმშილობდა, მეთერთმეტე დღეს, როგორც ბექას ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი გვეუბნება, ციხეში ატყდა განგაში - მოითხოვდნენ, რომ ბექა დაერწმუნებინათ გადასხმის გაკეთების აუცილებლობაში.
ოჯახის თხოვნის შემდეგ მაშინ გაუკეთდა გადასხმა, მაგრამ მას შემდეგ სვამს მხოლოდ წყალს და უარს ამბობს ყველანაირ მკურნალობაზე. ადვოკატის თქმით, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა. ის ეტლით გადაადგილდება.
საპროცესო შეთანხმებას პატიმარი კატეგორიულად არ ეთანხმება.
დაცვის მხარეს დღეს მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნა აქვს - შეიცვალოს ბექა ცერცვაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი ან ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით.
„რადგან ამ საქმეში ყველა მოწმე არის პოლიციელი და გამორიცხულია მათზე რაიმე სახის ზემოქმედების მოხდენა, კამერების ჩანაწერები უკვე ამოღებულია და ის ნანახი აქვს როგორც გამომძიებელს, ისე სახელმწიფო დაცვის ინსპექტორს ანუ მტკიცებულებების განადგურების შანსიც არ არსებობს, და თუ კიდე რაიმე საფრთხეს მაინც ხედავენ, ამიტომ ვთავაზობთ მათ პატიმრობის ნაცვლად გირაოს ელექტრონულ მონიტორინგთან ერთად“, - გვითხრა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა.
ადვოკატი ამბობს, რომ საუბარია რეალურ სასჯელზე და რადგან ბექა არის ნასამართლევი და იყო პრობაციონერიც, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სასჯელი გაცილებით მეტი იქნება.
სასამართლოს სხდომა დანიშნულია 9 დეკემბერს და ადვოკატს იმედი აქვს, რომ ბრალდების მხარე მათ შუამდგომლობას დაეთანხმება, იმის გათვალისწინებით, რომ პატიმარი თვეზე მეტია შიმშილობს:
„თუ ბექა ცერცვაძეს სასამართლო არ შეუცვლის აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას, მას ნათქვამი აქვს, რომ ისევ მშრალ შიმშილობაზე გადავა და ამ საქმეს მიიყვანს ბოლომდე“.
ჯაბა კოჭლამაზაშვილი ასევე განმარტავს, რომ თუკი ადამიანი არღვევს წესს, და ამ შემთხვევაში, პირბადის ტარების წესზეა საუბარი, რადგან დაცვის პოლიციას არა აქვს დაჯარიმების უფლება, მან უნდა გამოიძახოს საპატრულო პოლიცია. ამ შემთხვევაში, როგორც ადვოკატი აცხადებს, დაცვის თანამშრომელმა თავის თავზე იმაზე მეტი აიღო, ვიდრე მას კანონით ევალებოდა და ძალის გამოყენებით გააძევა ბექა ცერცვაძე პრობაციის სააგენტოდან.
ბექა ცერცვაძის ოჯახი უჩივის პრობაციის სააგენტოს დაცვის თანამშრომელს ვასილ მაკარიძეს, რომელთანაც მას შელაპარაკება მოუვიდა და ითხოვს მისი პასუხისმგებლობის დაყენებასაც.
საქმეს სწავლობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სადაც რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 2021 წლის 26 ოქტომბერს, უწყების საგამოძიებო დეპარტამენტში მართლაც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქე ბ. ც.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამ ეტაპისთვის ცნობილია ის, რომ ჩატარებულია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხულია თავად ბექა ცინცაძე, მისი მშობლები, საქმესთან კავშირში მყოფი სხვა პირები, დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზაც, ექსპერტმა თავად მოინახულა პატიმარი, ასევე გამოთხოვილია საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტაცია.
თუმცა, ჯერჯერობით სახელმწიფო ინსპექტორს საბოლოო დასკვნა არ დაუდია.
მოშიმშილე პატიმრის საქმეს იცნობენ სახალხო დამცველის აპარატშიც და აკვირდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. როგორც ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელმა, გვანცა ჩხაიძემ გვითხრა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა პატიმარი კლინიკა „ვივამედშიც“ მოინახულეს.
მათ ასევე გამოითხოვეს სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან დეტალური ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.