Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე გიორგაძე: სააკაშვილი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული


სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა მედიის წარმომადგენლებთან.

მისი ჯანმრთელობის დღევანდელი მდგომარეობის შეფასებისას, ელენე გიორგაძემ თქვა, რომ მას მიხეილ სააკაშვილი დახვდა გაბრაზებული, აფორიაქებული.

რა გითხრათ, ექიმი ვარ და შემიძლია მეც გამოვხატო ემოციები. დღეს ჩემი პაციენტი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული. ეს უკვე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რატომ? პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ, არ ვიცი ტელევიზორით თუ იქ.. ეს ჩემი პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა, მე, როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები, ყველას ვთხოვე, მის იურისტებსაც, ამხანაგებსაც, ოჯახის წვერებსაც - ორი კვირა მაცადეთ, რომ ეს ადამიანი დავაყენო [ფეხზე]. თუ მართლა თქვენ ამ ადამიანზე ზრუნავთ და ზრუნავთ მის სიცოცხლეზე, ცოტა შეეცადეთ და ორი კვირა მოგვეცით ექიმებს, რომ გამოვიყვანოთ ბოლომდე ამ მდგომარეობიდან“,- განაცხადა ელენე გიორგაძემ.

მისი თქმით, უკვე მოაგვარეს და როგორც ექიმებს უთხრეს, დეპუტატ აკაკი მინაშვილს მიეცემა დღეს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება. დეპუტატებთან შეხვედრის შეზღუდვის გამო, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის კურსის შეწყვეტის ულტიმატუმს აყენებდა.

ამასთან, ელენე გიორგაძის განცხადებით, პაციენტი ექიმებთან კარგად თანამშრომლობს და იცავს მათ რეკომენდაციებს. მედიკოსთა რეკომენდაცია იყო ისიც, რომ სააკაშვილთან დღეში 3 ვიზიტორზე მეტი არ შესულიყო. ვიზიტორთა ვინაობას თავად სააკაშვილი განსაზღვრავდა.

ელენე გიორგაძემ, მიხეილ სააკაშვილთან ბოდიშის მოხდით, თქვა, რომ თავისი ხელით დააწერინა, რომელი სამი ვიზიტორი უნდა შესულიყო ყოველდღიურად და რამდენი ხნით. ექიმის თქმით, თავდაპირველად სია სხვა იყო, ახლა კი სულ სხვა სიაა. შეთანხმების თანახმად, მეუღლეს და დედას შეეძლოთ მასთან 1 საათის განმავლობაში ყოფნა, იურისტებს კი - ნახევარი საათით.

ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე ამბობს, რომ ეს წესი არავის დაურღვევია, ამასთან, შეთანხმების თანახმად, ვიზიტორებს შორის 15-წუთიანი ინტერვალია საჭირო, რათა პაციენტმა დაისვენოს.

როდესაც სამზე მეტია და რომელიმე ვიზიტორი ძალიან დიდხანს რჩება, მერე ადამიანი, რომელიც შიმშილიდან გამოდის და ახლა იწყებს ადეკვატურ და ნორმალურ კვებას, იღლება“, - განაცხადა ელენე გიორგაძემ.

მისი თქმით, ანალიზებიც „სწორდება და ისე გამოსწორდა, რომ ნუტრიციები, რომელსაც ვაძლევდით პრეპარატის სახით, ამას ვხსნით“.

„ამ ადამიანს ყველაფერი ახსოვს, აბსოლუტურად არაფერი არ ავიწყდება, რაც ამ ადამიანს ინტელექტი და ანალიტიკური ტვინი ჰქონდა, ყველაფერი ადგილზეა. არსებობს კიდევ ასეთი ჯანმრთელობა - მენტალური. როგორც არის სხვა ორგანოები, ასევეა მენტალური [ჯანმრთელობა], ამაზე ლაპარაკობენ ვარაუდით, ვინც ნახა რომ იქ [გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში] იყო უკეთესად, თუმცა მე ეს არ ვიცი, მე ამას ვერ შევაფასებ. მე ვარ ენდოკრინოლოგი, მენტალური ჯანმრთელობის შეფასების კომპეტენცია აქვს მხოლოდ ფსიქიატრს“,- თქვა ელენე გიორგაძემ.

მისი განმარტებით, სასურველია და ამ საკითხზე მსჯელობენ პაციენტთან ერთად, რომელი ექიმი შეირჩეს პაციენტის თანხმობით. ელენე გიორგაძის სიტყვებით, ორგანიზაცია "ემპათიის" ხელმძღვანელმა უკვე მიიღო ნებართვა და ხვალ ან ზეგ ფსიქიატრი მარიამ ჯიშკარიანი შევა სააკაშვილის სანახავად.

„ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი შევლენ და მერე მოვისმენთ მათ დასკვნას“, - განმარტა ელენე გიორგაძემ.

მისივე სიტყვებით, პოსტშიმშილის პერიოდი 99 % -ით გავლილია, „მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე“. კვირას, 28 ნოემბერს, ელენე გიორგაძე აპირებს იმის თქმას, მისცემს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ორშაბათს სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებას.

19 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 50-ე დღეს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს სასამართლომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ეპიზოდზე პატიმრობა მიუსაჯა, ქვეყანაში სექტემბრის ბოლო დღეებში დაბრუნდა. ის პოლიციამ თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანა.

​სააკაშვილმა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები, ადვოკატები და რიგითი მოქალაქეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. ხელისუფლება ამბობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანდნენ გლდანის სამედიცინო პენიტენციურ დასებულებაში. ასეც მოიქცა ხელისუფლება 8 ნოემბერს და ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოათავსა. 50-დღიანი შიმშილობისა და ხელისუფლების ხანგრძლივი უარის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს ღამით გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG