საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილი აქციის გამო, უარი არ თქვან მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მიყვანაზე. ამის შესახებ ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც სააკაშვილი შიმშილობის შემდგომ მკურნალობას გადის, მასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან თქვეს.
"დღეს პოსტტრავმული სინდრომი ნამდვილად იყო გამოხატული, თუმცა ამის მიუხედავად, ის მკაფიოდ აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა არ შეიძლება დამაბრკოლებელი გახდეს 29 ნოემბერს პროცესზე დასწრებისთვის. აქედანვე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ მიუთითონ ის მშვიდობიანი შეკრება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არგადაყვანასთან დაკავშირებით. მთელ მსოფლიოში გახმაურებული სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ხოლმე აქციების ფონზე, მაგრამ ეს არ ზღუდავს არცერთ ბრალდებულს მასში მონაწილეობისგან", - თქვა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს 29 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მისვლაში ხელი რომ არ შეეშალოს, ადვოკატების თხოვნით, რამდენიმე დღით, სხდომამდე, უარი თქვა თავის ულტიმატუმზე, პროტესტის ნიშნად შეწყვიტოს მედიკამენტების მიღება იმის გამო, რომ მასთან თანაპარტიელ დეპუტატებს არ უშვებენ.
29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება სხდომა, რომელზეც განიხილება 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის საქმე. ამ საქმეში სააკაშვილი ბრალდებულია. სხდომის პარალელურად "ნაციონალური მოძრაობა" აქციის გამართვას გეგმავს.
20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.
მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.
1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.