საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აპირებს შეწყვიტოს მკურნალობის პროცესი, თუ მასთან არ შეუშვებენ პარლამენტის დეპუტატებს. ადვოკატი განმარტავს, რომ დეპუტატებს აქვთ უფლება სააკაშვილი მოინახულონ.
"მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატებს რომ არ ეძლევათ შეხვედრის შესაძლებლობა, ეს არის პოლიტიკური იზოლაციონალიზმი. ამ ყველაფერს აკეთებენ იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობა შეზღუდონ.
მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია: თუ ეს გაგრძელდება და არ დაესმება წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა დანიშნულებით, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა", - თქვა ბასილაიამ.
ადვოკატის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის სახელით მისი "ფეისბუკის" საშუალებით განცხადება გავრცელდა:
"თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი", - აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.
სააკაშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ ჰოსპიტალში სუს-ის თანამშრომლები საგანგებოდ ჩხრეკენ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ იქ მყოფ სამედიცინო პერსონალს. ყოფილი პრეზიდენტის აზრით, სუს-ის მიზანია მან პერსონალის მეშვეობით არ გადასცეს საზოგადოებას გზავნილები.
"ბოლო დღეებში სუს-ის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი", - ვკითხულობთ სააკაშვილის განცხადებაში.
უკვე მეორე დღეა სააკაშვილთან შეხვედრა უნდა მის თანაპარტიელსა და პარლამენტის წევრს, აკო მინაშვილს და ვერ ახერხებს.
ამ დრომდე, როცა სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში იყო, მასთან დეპუატატები შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაცემული საშვებით ახერხებდნენ. როგორც გაირკვა, ახლა, როცა სააკაშვილი სამკურნალოდ გორში თავდაცვის სამინისტროს კლინიკაშია გადაყვანილი, მასთან შეხვედრის პრობლემა ექმნებათ დეპუტატებს.
რადიო თავისუფლებას თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურში საკითხის მოკვლევას დაჰპირდნენ, იუსტიციის სამინისტროში კი სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.
მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.
1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.