Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საკრებულომ პროტესტის ფონზე დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი. საკრებულოს შენობასთან დაპირისპირება იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ „ძველ საკრებულოს“ ახალი ბიუჯეტის მიღების უფლება არ აქვს და მოითხოვდნენ, რომ ბიუჯეტის პროექტი ახალი მოწვევის საკრებულოს განეხილა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ცდილობდნენ საკრებულოს შენობის წინ, ტროტუარზე წარწერის -“მონებო, ღორებო“-ს გაკეთებას, რის შესაძლებლობასაც პოლიცია არ აძლევდა. დაკავებულია ორი პირი. შსს-ს თანახმად, მათ ბრალად ედებათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

პოლიცია ზუგდიდის საკრებულოსთან აკავებს აქციის მონაწილეს
პოლიცია ზუგდიდის საკრებულოსთან აკავებს აქციის მონაწილეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ანა წითლიძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი, დავით ფიფია. წითლიძის განცხადებით, ერთ-ერთი დაპირისპირებისას მას თითი დაუზიანეს და როგორც ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმმა გასინჯვის შემდეგ უთხრა, სავარაუდოდ, მოტეხილობა აქვს.

ანა წითლიძე
ანა წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელი სხდომის ჩაშლას ცდილობდა. ანა წითლიძე საყვირის გამოყენებით საუბრის საშუალებას არ აძლევდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ბესიკ ჭეჟიას. წითლიძე და პარტიის სხვა წევრები დარბაზიდან პოლიციამ გაიყვანა.

"ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“, რომელიც 2017 წლის მოწვევის საკრებულოში უმრავლესობითაა წარმოდგენილი, 2022 წლის ბიუჯეტის სწრაფად მიღება სურდა იმის შიშით, რომ ახალი მოწვევის საკრებულოში უმრავლესობა აღარ ჰყავს და ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნამ შესაძლოა, მერის გადადგომა, საკრებულოს დაშლა და რიგგარეშე არჩევნები გამოიწვიოს. ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს იმაშიც, რომ ბიუჯეტი საჯარო მოხელეების ხელფასების მატებაზეა ორიენტირებული და მასში არ არის ასახული მუნიციპალიტეტის საჭიროებები.

26 ნოემბრის სხდომით ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების პრაქტიკა ზუგდიდში შეიცვალა. გასულ წლებში საკრებულო ბიუჯეტს ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ამტკიცებდა.

ზუგდიდში ბიუჯეტის დამტკიცების თარიღები წლების მიხედვით:

  • 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2020 წლის 26 ნოემბერს;
  • 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2020 წლის 30 დეკემბერს;
  • 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2019 წლის 30 დეკემბერს;
  • 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2018 წლის 31 დეკემბერს;
  • 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2017 წლის 28 დეკემბერს;
  • 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2016 წლის 29 დეკემბერს.
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა

ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობით ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 47 200 000 ლარით და მისი პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი. წოწერიას შეფასებით, ოპოზიციას მუნიციპალიტეტის ჩიხში შეყვანა სურს:

“საბიუჯეტო პროცესი წარიმართა საბიუჯეტო კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პროცედურის და ვადების დაცვით. რაც შეეხება დესტრუქციულ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენია ბიუჯეტი, რა არის მისი ძირითადი პარამეტრები, რაშია ეს სახსრები გადანაწილებული. მიიჩნევენ მას ინსტრუმენტად, იარაღად, რომ შეიყვანონ მუნიციპალიტეტი ჩიხში, შეიყვანონ მუნიციპალიტეტი კრიზისში და ამით გაჩერდეს მომავალი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტი".

2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 45-წევრიან საკრებულოში 22 მანდატი მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ", 20 "ქართულმა ოცნებამ" და 3 ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის". მერის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ანზორ მელია.

2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩატარდება. საარჩევნო ადმინისტრაციამ 25 ნოემბერს გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომელსაც ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.

კანონმდებლობის თანახმად, ახალი მოწვევის საკრებულოების პირველ სხდომებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების შედეგების ოფიციალურად შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. ეს ვადა 13 დეკემბერს იწურებოდა. საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

XS
SM
MD
LG