რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავის, „კურსკის“ კატასტროფის მიზეზი 2000 წლის 12 აგვისტოს იყო ნატოს წევრი ქვეყნის წყალქვეშა ნავთან შეტაკება, - აცხადებს ადმირალი ვიაჩესლავ პოპოვი, რომელსაც ავარიის დროს ჩრდილოეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურის თანამდებობა ეკავა. ამის შესახებ პოპოვმა თქვა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, რია-ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„კურსკის“ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის, ყველა, 118 წევრი დაიღუპა.
ეს იყო რუსეთის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა და ის რუსეთის ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტ პუტინის მიმართ ძლიერი კრიტიკის მიზეზი გახდა. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უარი თქვა პოპოვის განცხადების კომენტირებაზე და მას „ჰიპოთეზა“ უწოდა.
ადმირალი აცხადებს ამ ინტერვიუში, რომ ნატოს წყალქვეშა ნავის სახელწოდება, რომელიც „კურსკის“კატასტროფის მიზეზი გახდა, მან 90-პროცენტიანი დანამდვილებით იცის, მაგრამ მტკიცებულების წარმოდგენა არ შეუძლია. პოპოვის თქმით, უცხო ქვეყნის წყალქვეშა ნავი უთვალთვალებდა „კურსკს“ და ალბათ ძალიან მიუახლოვდა მას ან „კურსკის“ მანევრს მოჰყვა კონტაქტის დაკარგვა“. ადმირალი ამბობს, რომ შეტაკების შედეგად დაზიანდა ტორპედოს განთავსების ნაწილი და ტორპედო აფეთქდა, დაიტბორა პირველი სექტორი, რის შედეგადაც რუსეთის წყალქვეშა ნავი ფსკერისკენ წავიდა. „საკუთრივ შეტაკებამ და აფეთქებამ დააზიანა უცხოეთის ნავი, რომელიც ამიტომ, გადაადგილების უნარის შეზღუდულ აღდგენამდე, ფსკერზე იყო“, - ამბობს პოპოვი.
რუსეთის ოფიციალური ვერსიით, „კურსკი“ ჩაიძირა სევერომორსკიდან 175 კილომეტრში, მის ბორტზე ექსპერიმენტული ტორპედოს აფეთქების და საბრძოლო მასალების შემდგომი დეტონაციის შედეგად მანევრების დროს. რუსეთის სამხედრო მანევრებს, მედიის თანახმად, თვალყურს ადევნებდნენ აშშ-ის და ბრიტანეთის წვალქვეშა ნავები. პოპოვის განცხადებაზე არც აშშ-ს და არც ბრიტანეთს კომენტარი არ გაუკეთებიათ.