Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერხეულიძე: სააკაშვილმა მოითხოვა ადვოკატთან და უკრაინის კონსულთან შეთანხმებით გადაიყვანონ


"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პირობაა, ციხიდან არ გადაიყვანონ ადვოკატისა და უკრაინის კონსულის გარეშე.

"მხოლოდ ექიმების და ადმინისტრაციის შეთავაზებით ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას. მისი მოთხოვნაა, თუკი ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, რომ შესაცვლელი ექნება ლოკაცია, მას უნდა ესწრებოდეს პირადი ადვოკატები.

მან ახლა მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ აქ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. ნიკა გზაშია. უკრაინის კონსულთან დაკავშირებით არ ვიცი. მას შეტყობინებას გადასცემდნენ ამაზე. იმედია, ისინი მალე მოვლენ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება.

მას აქვს გამოცდილება იმის, რომ ხელისუფლება ყოველ ჯერზე ტყუის. შეუძლიათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაიტაცონ, თუ ვინმე ამას შეუკვეთავს"
, - თქვა ხერხეულიძემ.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მის მდგომარეობას ექიმები "კრიტიკულად" აფასებენ. 18 ნოემბრის საღამოს, ადვოკატებთან შეხვედრისას მან გონება დაკარგა. ამ შემთხვევის შემდეგ, სააკაშვილი გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მასთან შეხვედრაზე დღეს უარი ეთქვა ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილს. 19 ნოემბერს 15 საათზე სპეციალურად ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ სააკაშვილს სთავაზობენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას, სადაც ის მიიღებს სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას. იუსტიციის მინისტრის შეთავაზების შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტა "დროას" ლიდერმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 17 დღე იშიმშილა პარლამენტის შენობაში.

XS
SM
MD
LG