"მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება ამ ეტაპზე მაღალი ალბათობით ლეტალურ შედეგს გამოიწვევს.
ხოლო ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს, რომელიც დათანხმდა სასამართლოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტაზე. ყველაფერი დაბრუნდება სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ჩარჩოებში..." - წერს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე. მისი ეს განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მის მდგომარეობას ექიმები "კრიტიკულად" აფასებენ. 18 ნოემბრის საღამოს, ადვოკატებთან შეხვედრისას მან გონება დაკარგა. ამ შემთხვევის შემდეგ, სააკაშვილი გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მასთან შეხვედრაზე დღეს უარი ეთქვა ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილს. 19 ნოემბერს 15 საათზე სპეციალურად ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ სააკაშვილს სთავაზობენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას, სადაც ის მიიღებს სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას.