Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარიას დედა ხელისუფლებას: ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია, არ გაქვთ უფლება მოაწყოთ 1937 წელი


პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე ხელისუფლებას მიმართავს და სთხოვს, გონს მოვიდნენ. იგი ხელისუფლებას შეახსენებს, რომ მისი შვილი, რომელმაც შიმშილობის მე-17 დღეს უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად, არის საფრთხეში და არის მოქმედი ხელისუფლების მსხვერპლი. ირინა გუნცაძე ასევე მიმართავს საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები ელენე ხოშტარიას სიცოცხლის გადასარჩენად.

"ძალიან ვიკავებ თავს. ვიკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან, რადგან კიდევ მგონია, რომ თქვენ, ვგულისხმობ ხელისუფლებას, კიდევ შეგრჩათ ჭკუის, ტვინის - სინდისზე ვეღარ ვიტყვი - ნასახი. თქვენ არ გაქვთ უფლება საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. თქვენ არ გაქვთ უფლება მოკლათ ადამიანები.

მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ეს ყველამ ვიცით. ჩემი შვილი, რომელიც ყველამ ვიცით, რომ არის სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი.

მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია. ოთხი შვილის დედის, რომელიც თავს წირავს საქართველოს გულისთვის, საქართველოს მოქალაქეების გულისთვის.

თუ ამას არ გააკეთებთ, აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 1937 წელს. მე მაქვს, კიდევ არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთი პატარა ნაპერწკლით მჯერა, რომ მოხვალთ გონს. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი. თქვენ არ გაქვთ უფლება მოაწყოთ 37 წელი 21-ე საუკუნეში. მე კიდევ ყველაფერი არ ვთქვი, თავს ვიკავებ-მეთქი" -ამბობს პარლამენტის შენობაში მყოფი ირინა გუნცაძე.

ელენე ხოშტარია პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ექიმი, ვახტანგ კალოაიანი, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მართავს, ამბობს, რომ შიმშილობის მე-17 დღეს მედიკამენტებზე უარის თქმა ძალიან საშიში გადაწყვეტილებაა.

"სამწუხაროდ, გვაქვს ალბათობა, რომ მოხდება მისი ჯანმრთელობის გაუარესება.

ორგანიზმში მიმდინარეობდა ინტოქსიკაცია, რის მართვასაც მეტნაკლებად ვახერხებდით ამ გადასხმებით. მედიკამენტების არ მიღება გამოიწვევს ნევროლოგიურ გართულებებს, რასაც ადგილი ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაშიც" - ამბობს ვახტანგ კალოიანი.

XS
SM
MD
LG