„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც, ორგანიზაციის განცხადებით, მათ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა და რომლის თანახმადაც, ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ორგანიზებას უწევდა საჯარო სკოლების დირექტორებისა და მათი მოადგილეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას „ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა როგორც ქეთევან ჭიპაშვილს, რომელიც ამავე დროს, ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელია, ასევე იმ სკოლების დირექტორებს, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ სიაში არიან მოხსენიებულნი. ისინი კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას.
ფაილი, სახელწოდებით „ქეთევან ჭიპაშვილის მხარდამჭერები (ადამიანები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან საარჩევნო კამპანიაში)“, არასამთავრობო ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. ეს დოკუმენტი წყარომ ISFED-ს ანონიმურობის დაცვის გარანტიით მიაწოდა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების იმ დირექტორებისა და მათი მოადგილეების სახელები (საკონტაქტო ინფორმაციით), რომელთა კამპანიაში ჩართვაც, სავარაუდოდ, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ იყო გამიზნული.
ნინო დოლიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათთვის უცნობია, ვისი მითითებით შედგა სია და საბოლოოდ, ჩაერთნენ თუ არა სკოლის დირექტორები და მათი მოადგილეები საარჩევნო პროცესში და თუ ჩაერთნენ, რა ფორმით, თუმცა, მისი თქმით, მოპოვებული ინფორმაცია ადასტურებს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზებისა და საარჩევნო მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ნიშნებს.
ნინო დოლიძე ასევე ამბობს, რომ ეს დოკუმენტი ცხადყოფს სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის სავარაუდო მცდელობას, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია. გარდა ამისა, წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და სწორედ ამ მიზნით, ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პროკურატურას, რომ დროულად გამოიძიოს დირექტორებისა და მათი მოადგილეების და საგანმანათლებლო რესურსცენტრის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ფაქტები:
„ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, როგორ აგროვებდა რესურსცენტრი მხარდამჭერებს. ჩვენ არ ვიცით, ეს დირექტორები ჩაერთნენ თუ არ ჩაერთნენ პროცესში, მაგრამ ფაქტია, რომ რესურსცენტრის მიერ ამ ადამიანების მობილიზება ხდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაა“.
საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაცია) მონაწილეობა სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ეკრძალება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს, აღმზრდელ-პედაგოგს, აღმზრდელს, მასწავლებელს და იქ დასაქმებულ სხვა პირს.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან არჩევას.
რას პასუხობენ ISFED-ს სკოლის დირექტორები და ქეთევან ჭიპაშვილი?
„მე ეს დოკუმენტი არ მინახავს, მაგრამ მაგ სიის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ მეოთხეკლასელ ბავშვსაც კი. რა პრობლემაა, ჩამოწერ რაიონში არსებულ სკოლებს, დირექტორებს და მათ ტელეფონის ნომრებს“, - ასე პასუხობს რადიო თავისუფლების კითხვას ISFED-ის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტის შესახებ ქეთევან ჭიპაშვილი, „ქართული ოცნების“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი და ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
ის კატეგორიულად უარყოფს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რესურსცენტრი „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ დირექტორებისა და მათი მოადგილეების მობილიზებას ახდენდა და იხსენებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, როდესაც მან საარჩევნო კოდექსით დადგენილი აგიტაციის წესი დაარღვია, რის გამოც, 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა:
„მე ძალიან მწარე გამოცდილება მაქვს კამპანიაში ჩართვის, რადგან გასულ არჩევნებზე, როდესაც ვირჩევდით გამგებელს, კანდიდატი იყო ჩვენი ყოფილი მოსწავლე და ექვს აკლდა 15 წუთი, უბრალოდ, ჩემი ფეისბუკის გვერდიდან, წარმატებები ვუსურვე მას და ამის გამო დავჯარიმდი 2000 ლარით. ისეთი მწარე გამოცდილება მაქვს, რომ ამის შემდეგ ძალიანაც რომ მდომოდა რაიმეს თქმა, ჩემ თავს ძალას ვატანდი და არავის სასარგებლოდ ჩემი კომენტარი, არც სიტყვიერი და არც წერილობითი არ ყოფილა და, შესაბამისად, ზუსტად ამას ვეუბნებოდი ყველა სკოლის დირექტორს და ისინი, თავის მხრივ, პედაგოგებს აფრთხილებდნენ. ცალსახად გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და მასეთი სიის გაკეთება, ორჯერ ორი ოთხია. თუკი ასეთი ფურცელი არსებობს და აქვეყნებენ, ეგ კი არ არის მთავარი, „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა არჩევნებს ყვარელშიც და ყველგანაც და თუ რომელიმე ტურზე, ერთი ფაქტი მაინც იქნება, რომ მაგ სიაში მყოფი ადამიანები თუნდაც საარჩევნო უბანს იყო მიახლოებული, ან ვინმეს აგიტაციას უწევდნენ, აი, ეს არის ფაქტი, თორე ახლა მასე ყველამ ყველაფერი შეიძლება დაწეროს. თუნდაც, წინასაარჩევნო პერიოდში, თუკი რომელიმე ორგანიზაცია იტყვის ერთი ადამიანის სახელსა და გვარს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ“.
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ყვარლის მუნიციპალიტეტის ის 21 სკოლაა ჩამოთვლილი, რომელთა დირექტორებიცა და მათი მოადგილეებიც, ფაილის სახელწოდების თანახმად, „აქტიურად ჩაერთვებოდნენ საარჩევნო კამპანიაში“.
რადიო თავისუფლებამ დირექტორების ნაწილთან გასაუბრება მოახერხა. სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის დირექტორი, ლალი კოჭლამაზაშვილი, კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას:
„როგორ გეკადრებათ, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. ეს არის სისულელე. რას ლაპარაკობთ. მე არ ვიცი ჩემი უფლებები და მოვალეობები, როგორ უნდა ვიმუშაო და რა უნდა გავაკეთო? მე არ მაქვს ამის უფლება და რატო დავარღვევდი ამ კანონს?“
საარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტს უარყოფს სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის დირექტორიც: „არანაირ სააგიტაციო კამპანიაში არ ჩავრთულვარ და არც არავის უთხოვია ამის შესახებ. ყველაფერი თავისუფალ გარემოში წარიმართა“.
„ცილისწამება და ტყუილი“, - ასე უწოდებს სოფელ გავაზის საჯარო სკოლის დირექტორი, ლია კაპანაძე ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა ის ჩართული ყოფილიყო საარჩევნო კამპანიაში ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, მან და მისი სკოლის 51-მა თანამშრომელმა კარგად იციან თავიანთი უფლება-მოვალეობების შესახებ:
„ძალიან შევშფოთდი და შევფიქრიანდი. მოგონილი ზღაპარია, რადგან ჩემი სკოლა და მე არასდროს ჩავრეულვართ ამ პროცესში. მე ყოველთვის ვიცი, რომ სკოლა აპოლიტიკურია. ყოფილა შემთხვევა, რომ მასწავლებელი ყოფილა აგიტატორი და კომისიის წევრი, მაგრამ ისინი თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ სამუშაო საათების შემდეგ. რამდენიმე მასწავლებელმა მთხოვა, დაგვითხოვე, რომ თბილისში აქციაზე წავიდეთო, რაზეც მათ კატეგორიული უარი ვუთხარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებელი ჩართული იყოს ასეთ კამპანიაში. ეს არის მოგონილი და მონაჭორი ინფორმაცია. მზად ვარ, რომ პირისპირ შევხვდე დაინტერესებულ მხარეს და დავუმტკიცებ მათ ჩემ სიმართლეს“.
„არასასურველი“ დირექტორების დასჯის მეთოდები
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათთან, როგორც არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციასთან, თავს იყრის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება საარჩევნო პროცესებში პედაგოგებისა თუ სკოლის დირექტორების ჩართვა და ამ მხრივ, გამონაკლისი არ ყოფილა არც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები:
„მასწავლებლები თავს იკავებენ ამ თემაზე ხმამაღლა საუბრისგან. ჩვენთან, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან, ეს ადამიანები მოდიან, გვიყვებიან თავიანთი გამოცდილების შესახებ, მათ ვინაობას, ცხადია, არ ვასაჯაროებთ, მაგრამ მუდმივად ვიცით, რომ ეს პრობლემა დგას. გარდა პედაგოგებისა, ამ პრობლემის წინაშე დგანან დირექტორებიც. ვიცით, რომ ამ პროცესში ხდება დირექტორების ჩართვაც. ზოგი თავისი ნებით ერთვება, მაგრამ ზოგი იძულებით. ასევე გვაქვს ინფორმაცია იმ დირექტორების შესახებაც, რომლებიც რაკიღა არ ჩაერთვნენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო პროცესში, ან, მაგალითად, ოჯახის წევრები იყვნენ ასოცირებულნი ოპოზიციურ პარტიებთან, მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებენ“.
ერთ-ერთი ასეთი „დასჯის მეთოდი“, რომელსაც, ნინო დოლიძის განცხადებით, „არასასურველი“ დირექტორების წინააღმდეგ იყენებენ, ეს არის მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვა. სწორედ ამ სათაურით („უფლებამოსილების ვადის გასვლა, როგორც სკოლის დირექტორთა დასჯის მექანიზმი“) გამოაქვეყნა კვლევა „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიმდინარე წლის აგვისტოში, სადაც წერია, რომ 2020 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, რამდენიმე დირექტორს, რომელთაც უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადა დაუმთავრდათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხელშეკრულება არ გაუგრძელა, მაშინ როდესაც ზოგიერთი დირექტორი მოვალეობის შემსრულებლად დატოვა. ეს პრაქტიკა ორგანიზაციამ რვა საჯარო სკოლის დირექტორის მაგალითზე შეისწავლა.
ასე, მაგალითად, კვლევაში ვკითხულობთ, რომ კობა კვიკვინია ხობის მუნიციპალიტეტში ერთადერთი იყო, რომელსაც სკოლის დირექტორის მოვალეობის შესრულება არ დაეკისრა. კვიკვინიამ მკვლევრებს უთხრა, რომ განათლების სამინისტროს უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძველი არ ჰქონდა, რადგან წარმატებით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და სამაგალითო დირექტორად მიიჩნეოდა. ის ფიქრობს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია სოფელში მერის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მარინა ლაგვილავა, მას ხშირად მიუთითებდა სკოლის იმ მასწავლებლებზე, რომლებსაც განსხვავებული, მთავრობისადმი კრიტიკული მოსაზრებები ჰქონდათ. ამასთანავე, არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, მერის წარმომადგენელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა სოფელში მიღებული შედეგის გამო, რაშიც ის ოპოზიციურად განწყობილ მასწავლებლებს ადანაშაულებდა.
კობა კვიკვინია იხსენებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მას 12 პედაგოგის სია წარუდგინეს და მიუთითეს, რომ აღნიშნული პედაგოგები „არასასურველ, თავისუფალ აზროვნებაში“ იყვნენ შემჩნეულნი. ყოფილი დირექტორი თვლის, რომ სწორედ ეს შეიძლებოდა გამხდარიყო მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი.
„სამართლიანი არჩევნების“ კვლევაში არაერთი მსგავსი ფაქტია განხილული და ორგანიზაცია თვლის, რომ ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებების პოლიტიზება საქართველოში საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნულმა პრობლემამ განსაკუთრებით 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას იჩინა თავი. „სამართლიანი არჩევნების“ მიხედვით, 2018 წელს, აქტიურად ხდებოდა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევის და მისთვის არჩევნებზე ხმის მიცემის იძულება. ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებოდა საჯარო სკოლებში განხორციელებული დაუგეგმავი ინსპექტირებებიც. ორგანიზაციის განცხადებით, „ერთ-ერთ ასეთ ფაქტს - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის ჩატარებულ არაგეგმურ ინსპექტირებას - საბოლოოდ, სკოლის დირექტორის გარდაცვალება მოჰყვა“.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. მისი განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.
საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს. 23 აგვისტოს კი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და პერსონალის ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში, ეწინააღმდეგება როგორც საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ წესებს, აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების მხრივ, ასევე არღვევს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, იკრძალება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება.
როგორ ეხმაურება განათლების სამინისტრო "სამართლიანი არჩევნების" მიმართვას
გარდა საქართველოს პროკურატურისა, „სამართლიანი არჩევნები“ ასევე მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თავისი მანდატის ფარგლებში, შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე. ასევე გადადგას აქტიური ნაბიჯები განათლების სფეროში პოლიტიკური გავლენების აღმოსაფხვრელად.
როგორ გამოეხმაურება განათლების სამინისტრო ISFED-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აპირებს თუ არა ამ ფაქტზე რეაგირებას? - რადიო თავისუფლემამ ამ კითხვით უწყების პრესსამსახურს მიმართა.
განათლების სამინისტრომ წერილობითი პასუხი დაგვიბრუნა. უწყება ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას და დოკუმენტს დეზინფორმაციას უწოდებს:
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რესურს-ცენტრი ორგანიზებას უწევდა ყვარლის საჯარო სკოლების დირექტორებისა და მათი მოადგილეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ კატეგორიულად უარყოფს და მას დეზინფორმაციად აფასებს".
სამინისტრო მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები განათლების სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას ემსახურება, რაც შეურაცხმყოფელია მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთვის:
„სამინისტრო ყველაფერს აკეთებს სკოლების დეცენტრალიზაციისთვის და ამისი ნათელი მაგალითია განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული არაერთი ნაბიჯი“, - გვწერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.