Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღირსეულ მოპყრობას


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გამო, საქართველოს ელჩი კიევში გიორგი ზაქარაშვილი ბოლო სამ დღეში მეორედ იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 11 ნოემბერს, ელჩთან შეხვედრისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიკოლა ტოჩიცკიმ ქართულ მხარეს გააცნო უკრაინის სახელმწიფოს პოზიცია, რომ აუცილებელია მისი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღირსეული მოპყრობა და დაუშვებელია ფიზიკური ძალის გამოყენება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, ტოჩიცკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას და საქართველო ვალდებულია საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უზრუნველყოს ამ უფლებების დაცვა.

ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა 9 ნოემბერსაც, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან თბილისში, გლდანში მდებარე სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანიდან მეორე დღეს. ამ შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი იმედს გამოთქვამდა, რომ დადებითად იქნებოდა განხილული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი ნოტა სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ.

11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეოჩანაწერების ფრაგმენტები, რომლებიც ასახავენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სახალხო დამცველმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვეს, შეწყვიტოს ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და დაიცვას ადამიანის პატივი, ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

11 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავს რელევანტურ ეპიზოდს, ჩანაწერების ანალიზით კი, დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, რასაც სახალხო დამცველი 2021 წლის 8 ნოემბერსვე აცხადებდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის გაითვალისწინოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

XS
SM
MD
LG