Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას სააკაშვილის გამო საქართველოში გაგზავნილი ნოტის დადებითად განხილვის იმედი აქვს


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი ნოტა დადებითად იქნება განხილული. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიკოლა ტოჩიცკიმ განაცხადა საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრისას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას, საქართველოს ელჩმა მინისტრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია გლდანის პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გარემოებების შესახებ.

თავის მხრივ, მიკოლა ტოჩიცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეების უფლებების და ინტერესების დაცვა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხებიც, მათ შორის, პოლიტიკური კონტაქტების გრაფიკი და უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის "ასოცირებული ტრიოს" შემდგომი ერთობლივი მოქმედებები 15 დეკემბერს დაგეგმილი, ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტისთვის მოსამზადებლად.

8 ნოემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა და განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით გლდანის მე-18 პენიტენციურ, სამკურნალო დაწესებულებაში და იმით, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის ყველა შესაძლებლობა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს გადაიყვანეს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს. მის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის გამოძიება დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს და პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, რადგან პენიტენციური სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და გარდა ამისა, ამ დაწესებულებაში სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.

თვითმმართველობის არჩევნების წინ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ერთი თვეა მოითხოვს მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში. საქართველოს ხელისუფლება ამაზე თავიდანვე უარს ამბობდა და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდებოდა მხოლოდ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. ამას ეწინააღმდეგებოდა თავად მიხეილ სააკაშვილი. მისი ადვოკატების თანახმად, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი ვერ იქნება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, არამედ უსაფრთხოების დაცვაც.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2018 წელს, საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

XS
SM
MD
LG