Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იქნეს გადაყვანილი


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის თბილისში, გლდანის მე-18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით და უკრაინისთვის ინფორმაციის მიწოდების ნაკლებობით. სამინისტროს განცხადებაში გამოთქმულია მოწოდება საქართველოს მთავრობისადმი, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ყველა საშუალება იქნება საჭირო სამედიცინო დახმარების გასაწევად.

სამინისტრო იუწყება, რომ 8 ნოემბერს ოფიციალური შეტყობინებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში დატოვება ქმნის დამატებით საფრთხეებს და დაძაბულობას, რისი თავიდან არიდებაც შესაძლებელია ჰუმანიტარული მოსაზრებებით მოქმედების შემთხვევაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში უკრაინის საელჩო განაგრძობენ საგანგებო დაკვირვებას უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებაზე - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილი, 2018 წელს, დაუსწრებლად გაასამართლეს შეწყალების აქტის გამოცემის გამო, რამაც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულთა სასჯელის შემსუბუქებაც გამოიწვია და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია"იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს,სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, რომლის ბინაშიც დააკავა 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლითბრალდებულია კიდევ 3 პირი.

8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG