რა შესაძლებლობები აქვთ ევროპის კავშირს და მის წევრებს, როგორ მოაგვარონ მიგრანტთა კრიზისი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე: მიმართონ საერთაშორისო სასამართლოებს? დამატებითი სანქციები დაუწესონ მინსკს? თუ მესამე ქვეყნებიდან მიგრანტთა მზარდი ტალღა გააკონტროლონ?
რომელ საერთაშორისო კანონს არღვევეს მინსკი, თუ, როგორც ფიქრობენ და ვარაუდობენ, ლუკაშენკასა და მისი უშიშროების სამსახურების ორგანიზებულია პოლონეთთან საზღვარზე მიგრანტების მოზღვავება?
თუ ეს ადამიანების ტრეფიკინგია, ცხადია, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ბელარუსი, მაგალითად, წევრია გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციისა, რომელსაც უკავშირდება ორი დოკუმენტი: „გაეროს პროტოკოლი ადამიანების, განსაკუთრებით ქალების და ბავშვების, ჩაგვრის, დასჯისა და ტრეფიკინგის თავიდან აცილების შესახებ“ და „გაერო მიგრანტების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საშუალებებით ტრეფიკინგის წინააღმდეგ“. ეს ორივე დოკუმენტი ძალაში შევიდა 2003-2004 წლებში. შემდეგ, 2017 წელს, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ადამიანის ტრეფიკინგის წინააღმდეგ. ისე რომ, არსებობს საერთაშორისო სამართლის კანონები, რომლებიც ლუკაშენკას რეჟიმს შეიძლება მივუყენოთ.
„თუ იმის შესახებ ცნობები, რომ ბელარუსის რეჟიმი ხალხს ყალბ დაპირებებს აძლევს, რომ ევროკავშირში უსაფრთხოდ შეიყვანს, მართალია, და ამის არაერთი პირდაპირი და ირიბი დასტური არსებობს, ბელარუსი, სულ მცირე, არღვევს საერთაშორისო წესს, რომ ადამიანებით ტრეფიკინგს ხელი უნდა შეუშალოს“, - ამბობს ბაჰტი ნიშანოვი, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის პოლიტიკური კომისიის, იმავე ჰელსინკის კომისიის მთავარი მრჩეველი.
მეტიც: „ბელარუსის მესაზღვრეების სასტიკი მოპყრობა მაგრანტებისადმი, უთანაბრდება სასტიკ მოპყრობას და ზოგ შემთხვევაში, შეიძლება წამებასაც“, - ამბობს Human Rights Watch-ის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების უფროსის მოადგილე, რეიხელ დებნერი, რომლის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მინსკი არღვევს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის ფორმების წინააღმდეგ გაეროს კონვენციას, რომლის წევრიცაა და ვალდებულება აქვს ნაკისრი, შეასრულოს შესაბამისი პირობები.
საზღვართან ხალხის ძალით გადაყვანაც შეიძლება შეფასდეს როგორც კოლექტიური განდევნა, რაც ასევე აკრძალულია საერთაშორისო სამართლით, ხოლო გადაადგილების უფლების შეზღუდვა ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციის საწინააღმდეგო ქმედებაა.
საკითხავია ისიც, შეუძლიათ თუ არა ევროკავშირის წევრებს, ან საკუთრივ ბრიუსელს, უჩივლონ მინსკს სასამართლოში?
პასუხი ამ შეკითხვაზე დადებითია, კი, შეუძლიათ, მაგრამ საქმე ისაა, რომ არ სურთ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, როგორც ევროკავშირის დიპლომატები, რომლებმაც ვინაობა არ გაამხილეს, ადასტურებენ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
და ეს იმიტომ, რომ პირველ რიგში, ევროკავშირსა და მის წევრებს სწრაფი რეაგირება სურთ. მეორე პრობლემა ისაა, რომ რთული იქნება რომელიმე დადგენილების განხორციელებაც. წარსულში ბევრ ქვეყანას უგულებელუყვია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები და ბევრი ამასვე მოელის მინსკისგან. ასევე თემაა, რომელ სასამართლოს მიმართონ: ბელარუსი არ არის არც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) და არც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს წევრი (ECHR). მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებს ორ სახელმწიფოს შორის დავისას, როცა ისინი არგუმენტებს წარუდგენენ ერთმანეთს, მაგრამ რომელმე სახელმწიფოს იძულებას, წარდგეს მოწინააღმდეგის წინაშე, შეიძლება წლები დასჭირდეს.
კიდევ რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირმა, შეიძლება სანქციების დაწესება?
კი, და ევროკავშირი ახლა მუშაობს ახალი სანქციების დაწესებაზე, რომლებიც 15 ნოემბერს ბლოკის წევრების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დამტკიცდება და მალევე შევა ძალაში.
ამ კვირის დასაწყისში ევროკავშირი დათანხმდა ბელარუსის მიმართ საქციების დაწესების კრიტერიუმების გაფართოებას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება სანქციების ამოქმედება „ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და უწყებების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან დახმარება გაუწიეს ლუკაშენკას რეჟიმს ქმედებებისას, რასაც მოჰყვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთა უკანონოდ და წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აკრძალული ან სახიფათო მასალების უკანონოდ შეტანა“.
ზოგიერთი დიპლომატის თქმით, რომლებიც სანქციებზე მუშაობის საკითხებში არიან ჩახედული, ევროკავშირი კრიტერიუმების გაფართოებით მოახერხებს, პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე ვითარების დაძაბვასთან დაკავშირებულ 40-მდე პირს დაუწესოს სანქციები, გაუყინოს აქტივები და აუკრძალოს მოგზაურობა. სიაში მოხვდებიან ბელარუსის ოფიციალური პირები და სატრანსპორტო კომპანიები, რომლებსაც გადაჰყავდათ ხალხი საზღვართან, ასევე ბანკები, რომლებსაც ბელრუსბანკის, ბელაგროპრომბანკისა და ბელინვესტბანკის მსგავსად სანქციები ჯერ არ შეხებიათ.
მოახდენს კი სანქციები მინსკზე ზემოქმედებას?
საეჭვოა, აცხადებენ ექსპერტები. ისინი არ არის ისე რადიკალური, როგორც ამას ბევრი ითხოვდა.
2020 წლის შემოდგომიდან ევროკავშირმა სანქციების ოთხი წყება დაუწესა ბელარუსს. სულ ისინი შეეხო 166 პირს, მათ შორის - ალიაქსანდრ ლუკაშენკას და მისი ოჯახის ახლო წევრებს, ასევე 15 სხვა ორგანიზაციას.
სანქციები შეეხო სანავთობო, კალიუმის წარმოების, საბანკო სფეროებს და თამბაქოს საწარმოებს, მაგრამ მინსკის რეჟიმს წარბიც არ შეუხრია.
თუმცა სანქციები, რომლებიც ახლა დაწესდება, შეიძლება არაეფექტიანი იყოს, ისინი შესაძლოა მაინც გაძლიერდეს მომავალ დღეებში. კამათი მიდის იმის შესახებ, შეიძლება თუ არა სანქციების გავრცელება ბელარუსის აეროპორტებსა და სახმელეთო მომსახურებაზე, ასევე მესამე ქვეყნების ავიაკომპანიებზე.
ამასთან, ჩანს, რომ ბრიუსელი ფრთხილობს. იმის გათვალისწინებით, რომ სანქციები შეიძლება გაასაჩივრონ ევროპულ სასამართლოში, აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომ შესაბამისმა პირებმა და კომპანიებმა მართლაც ჩაიდინეს ის, რასაც აბრალებენ.
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რუსეთს არ ემართლებიან, ისიცაა, რომ არ მოიპოვება პირდაპირი დადასტურება, რომ რუსეთს აქვს კავშირი სამიგრაციო კრიზისთან. ამასთან, მოგებიანი ვაჭრობა, რომელიც ბელარუსის გავლით მიმდინარეობს, უფრო მკაცრი სანქციების დაწესების შიშით შეიძლება შემცირდეს.
კიდევ რის გაკეთება შეუძლია ევროკავშირს?
უშუალოდ „ფრონტის“ წინა ხაზზე მდებარე სახელმწიფოები უკვე აგებენ კედლებსა და ზღუდეებს და ისურვებდნენ, რომ ამის საფასური ევროპის კავშირს გადაეხადა - რაზეც ბრიუსელი დიდხანს კატეგორიულ უარზე იყო.
მთელი ყურადღება მიპყრობილი იქნება ევროპის კომისიისკენ, რადგან მას დეკემბრის დასაწყისში დაგეგმილი აქვს „შენგენის სასაზღვრო კოდექსის“ განახლება, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რა ქმედებებს უნდა მიმართოს წევრმა-სახელმწიფომ ჰიბრიდული თავდასხმის შემთხვევაში, როგორიცაა უკანონო მიგრანტების ხელოვნურად შედინება.
და მაშინ, როცა ზღუდეები და კედლები შესაძლოა არ იყოს კონკრეტულად მითითებული, როგორც ევროკავშირის გარე საზღვრის დაცვის საშუალება, სავსებით შესაძლებელია, „ფიზიკური ბარიერები“ დაცვის საშუალებებად განისაზღვროს.
ზემოქმედების რა ბერკეტები აქვს ევროკავშირს მესამე ქვეყნებზე, საიდანაც მიგრანტები მინსკში ჩადიან?
გააჩნია. ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ ახლა მთავარი პრიორიტეტი იქნება, „ონკანი გადაუკეტოს“ ბელარუსს და რომ მისი ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი, უახლოეს დღეებში ეწვევა რამდენიმე ქვეყანას, საიდანაც მიგრანტები მინსკში ჩადიან.
ერაყთან დაკავშირებით, ბრიუსელმა მოახერხა პირდაპირი რეისების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება ბაღდადსა და მინსკს შორის, პოლიტიკური ზეწოლისა და მუქარის შემდეგ - განვითარებასთან დაკავშირებული სახსრების დაკარგვის შესახებ.
ანალოგიურმა ტაქტიკამ შესაძლოა გაჭრას ლიბანთან, იორდანიასა და სირიასთან, მაგრამ ევროპის კავშირის ოფიციალური პირები მოელიან, რომ უფრო მძიმე სამუშაო იქნება ჩასატარებელი, როცა თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დარწმუნება გახდება საჭირო. მიგრანტებთან დაკავშირებით ანკარას საკუთარი შეთანხმება აქვს ბრიუსელთან, და ხელს უშლის მილიონობით ლტოლვილს ეგეოსის ზღვის გადაკვეთაში, და შესაძლოა, დამატებითი თანხები მოითხოვოს.
კომისიის თანახმად, ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვრებთან მყოფი მიგრანტების უმეტესობა ერაყელია. მიუხედავად იმისა, რომ ბაღდადი თანამშრომლობს ევროპის კავშირთან ამ საკითხში, მან დიდი სიჯიუტე გამოავლინა უკან დაბრუნებულთა მიღებაზე, თუ ისინი ამას ნებაყოფლობით არ გააკეთებდნენ. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, ისევე როგორც პრობლემა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანია ჩარჩენილი ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომელიც არავის ეკუთვნის.
რა შეიძლება ითქვას საერთაშორისო ორგანიზაციებზე? გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ან წითელი ჯვარი - აკეთებენ ისინი რამეს? შესწევთ ძალა, თავიდან იქნეს აცილებული ჰუმანიტარული კატასტროფა?
ძალიან ცოტა ორგანიზაციას აქვს სასაზღვრო რეგიონის სიახლოვეს ყოფნის უფლება, მაგრამ პოლონეთის ხელისუფლება თანამშრომლობს „წითელ ჯვარსა“ და „კარიტასთან“, ქრისტიანული დახმარების ორგანიზაციასთან. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენლებს კონტაქტი აქვთ მინსკსა და ვარშავასთან და მიმართავენ მათ თხოვნით, უზრუნველყონ მიგრანტებთან შეუფერხებელი წვდომა, შეძლონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და განსაკუთრებით კი მოუწოდონ მათ, ვისაც თავშესაფარი სურს, განაცხადი იქ შეიტანონ, სადაც იმყოფებიან.
ეს შესაძლოა ზედმეტი იყოს პოლონეთის მთავრობისთვის, რომელსაც არ სურს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ თავშესაფრისკენ ეს გზა ქვეყანაში იმის შიშით მოქმედებს, რომ ჩამოსულთა მეტი რაოდენობის პირისპირ არ აღმოჩნდნენ.
პოლონეთი აგრეთვე, აქამდე, ლიეტუვისგან განსხვავებით, უგულებელყოფდა ბრიუსელის მოწოდებებს, უზრუნველეყო ევროპის კავშირის სასაზღვრო სააგენტოს, Frontex-ის ყოფნა და ამტკიცებდა, რომ მის ეროვნულ სასაზღვრო დაცვას ჯარის დახმარებით შესწევდა ვითარებასთან გამკლავების უნარი.
მაგრამ, თუ ჰუმანიტარული ვითარება გაუარესდა ზამთრის განმავლობაში, მოსალოდნელია, საზღვრის ორივე მხარეს ჩარევა მეტ საერთაშორისო ორგანიზაციას დასჭირდეს.