მიგრანტების ჯგუფი, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ, ჩანს, ევროპის კავშირის საზღვარზე გააგზავნა, გამომწყვდეული აღმოჩნდა ნეიტრალურ მიწაზე, რადგან პოლონეთის პოლიცია მას არ აძლევს უფლებას, ფეხი დადგას ევროპის კავშირის ტერიტორიაზე.
Photo: Reuters
გამოუვალი ვითარება ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე და პოლიტიკის იარაღად ქცეული მიგრანტები
გამოუვალი ვითარება ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე და პოლიტიკის იარაღად ქცეული მიგრანტები
ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ბელარუსი მიგრანტებს სპეციალურად უშვებს ევროკავშირის მიმართულებით და ამგვარად შურს იძიებს ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის.
მიგრანტების ჯგუფის ფოტო შეიარაღებულ პოლონელ სამხედრო მოსამსახურესა (წინა პლანზე) და ბელარუსის პოლიციას შორის. დაპირისპირება ხდება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი მიგრანტების ტალღის ფონზე, რომლებიც არალეგალურად შემოდიან ევროპის კავშირში ბელარუსიდან. ევროკავშირის ხელისუფლება მინსკს ადანაშაულებს კრიზისის განზრახ შექმნაში, რასაც ის აკეთებს სანქციების საპასუხოდ, რომელიც ევროპის კავშირმა დაუწესა მას შემდეგ, რაც ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რეპრესიები დაიწყო შარშანდელი სადავო არჩევნების შემდეგ.
პოლონეთის სასაზღვრო პოლიცია ბელარუსი კოლეგების პირისპირ (მარჯვნივ), შუაში მოქცეული მიგრანტებით. ჯგუფი, გადმოცემის თანახმად, ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა გარეთ პოლონურ სოფელთან, უსნაჟ გურნესთან ახლოს. ტემპერატურა ამ არეალში, ბოლო დღეებში დილაობით დაახლოებით 10 გრადუსამდე დაეცა.
ზღუდესთან შეკრებილნი მიგრანტები დროებითი დაკავების ცენტრში კაზიტისკისში, ლიეტუვაში, 12 აგვისტოს. ჩიხური ვითარება პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მოჰყვა ლიეტუვას გადაწყვეტილებას აგვისტოს დასაწყისში - ფიზიკურად აეძულებინათ მიგრანტები დაბრუნებულიყვნენ ბელარუსში მას შემდეგ, რაც წელს 4000-ზე მეტი მათგანი არალეგალურად შევიდა ბალტიის ამ ქვეყანაში ბელარუსიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.
ჩიხში მოქცეული მიგრანტი პოლონელი სამხედრო მოსამსახურის უკან. თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა, 23 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლონეთი აღმართავს ზღუდეს ბელარუსთან საზღვარზე და რომ იქ განლაგებული ჯარის რაოდენობა, რომელიც მიგრანტების ტალღას უმკლავდება, გაორმაგდება და 2000-ს მიაღწევს.
ჩიხში მოქცეული მიგრანტების ფოტო გადაღებულია 20 აგვისტოს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარჩინ პშიდაჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უსნაჟ გურნესთან მყოფი ჯგუფი „არ არიან ლტოლვილები, ისინი ბელარუსის მთავრობის მიერ მოყვანილი ეკონომიკური მიგრანტები არიან“.
პოლონეთის სასაზღვრო დაცვის უწყება აცხადებს, რომ დააკავა მიგრანტების ჯგუფი, სანამ ის პოლონეთის ტერიტორიამდე მოაღწევდა. პოლონეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სასაზღვრო დაცვამ დაარღვია ჟენევის კონვენცია, როცა არ მიიღო სიტყვიერი დეკლარაცია ზოგიერთი მიგრანტისგან იმის შესახებ, რომ მათ სურდათ საერთაშორისო დაცვის მოპოვების მიზნით განაცხადი გაეკეთებინათ პოლონეთში.
აქტივისტები მავთულხლართების უკან 23 აგვისტოს. მათ გამოხატეს პროტესტი პოლონეთის სასაზღვრო დაცვის შტაბ-ბინასთან ხელისუფლების პოზიციის მიმართ.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატმა დაბეჯითებით მოუწოდა პოლონეთს, მიიღოს ჩიხში მოქცეული მიგრანტები და განაცხადა, „თუმცა ჩვენ ვაღიარებთ პოლონეთში მიგრანტების ბოლოდროინდელ ჩასვლასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მოვუწოდებთ პოლონეთის ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ ადამიანების ტერიტორიაზე შესვლა, დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება, იურიდიული კონსულტაცია და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა.“
პოლონეთის და ბელარუსის სასაზღვრო ზოლები გაყოფილია მავთულხლართიანი ზღუდით. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ბელარუსიდან შემოსული მიგრანტების მიღება მინსკის „შანტაჟზე“ დათანხმების ტოლფასი იქნება. 24 აგვისტოს, მორავეცკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩიხში მოქცეული მიგრანტები ბელარუსის ტერიტორიაზე არიან, და დასძინა: „თუ ვინმეს ბელარუსის მხრიდან ლტოლვილის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება სურს, გთხოვთ, ეს მინსკში გააკეთოთ“.