საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მეშვიდე გადახედვის ანგარიშს, რომელიც მოიცავს პერიოდს 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე.
ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, საქართველოში ინფიცირებული პაციენტების 95.4% გამოჯანმრთელდა. გარდაცვალების მაჩვენებელმა შეადგინა 1.46%.
COVID19-ით სიკვდილის სტატისტიკის ძირითადი აქცენტები
COVID19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 4 აპრილს დაფიქსირდა. 2021 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ გარდაცვლილი იყო 8 976 პაციენტი.
მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა უმეტესობა, 57%, ქალი იყო, გარდაცვლილთა შორის, 51.10%-ით მამაკაცები ჭარბობენ. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 18.05%, 80-84 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი - 0.06% -15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში. 0.09%-ს შეადგენს გარდაცვლილთა რაოდენობა 0-14 წლის ასაკის ბავშვებში.
საქართველოში COVID19-ით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში და შემდეგ უკვე 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში.
პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, COVID19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ მილიონ მოსახლეზე, საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს. ამ სტატისტიკაში პირველ ხუთ ადგილს ინაწილებს ბოსნია და ჰერცეგოვინა, უნგრეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.
2020 წლის აპრილიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით, COVID-19-ით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა. გამონაკლისს წარმოადგენს 2020 წლის ოქტომბერი-ნოემბერი, როდესაც გარდაცვალების მაქსიმალური წილი აჭარის რეგიონზე მოდიოდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, ყველა ლეტალურ შემთხვევაში, დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. სიკვდილის შესახებ სამედიცინო ცნობაში COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 69%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება და გართულება. მათ შორის, უმეტესობას - კარდიო-ვასკულარული დაავადებები. შემდეგ მოდის ჰიპერტენზია, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადება და ბოლოს ფილტვის ქრონიკული დაავადება.
COVID19 და ბავშვები
2021 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, 0-დან 18 წლის ჩათვლით ასაკში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენდა 90 680 ბავშვს. ანუ, ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14.8%-ს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს თითქმის სამჯერ მეტი ბავშვი დაინფიცირდა კორონავირუსით, ვიდრე 2020 წელს. 2021 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირებული 67 210 ბავშვი აღირიცხა. 2020 წელს კი - 23 470. მათგან უმეტესობა, 51.3% მდედრობითი სქესისაა.
18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს, ინფიცირებული ბავშვების 8.5%-ს. მათ შორის, გარდაიცვალა 8 ბავშვი. ჰოსპიტალურმა ლეტალობამ შეადგინა 0,1%.
COVID19 და ორსულები
პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე, საქართველოში სულ აღირიცხა 85 345 ორსული. 2020 წელს - 45 516, 2021 წელს - 39 829.
მათგან COVID19-ით დაინფიცირდა 7 338 ორსული. ორსულთა ინფიცირების მაჩვენებელმა 8.6% შეადგინა.
2020 წელს დაინფიცირდა 3 304 (7.3% 2020 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან) ორსული; 2021 წელს - 4 034 (10.1% 2021 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან).
ორსულთა ყველაზე მეტი, 18.3% დაინფიცირდა შიდა ქართლში.
პანდემიის პერიოდში, COVID-19-ით 17 ორსული გარდაიცვალა და ლეტალობის მაჩვენებელმა შეადგინა 0.23%. მათი უმეტესობა, 16 ორსული, 2021 წელს მოკვდა.
COVID19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მედპერსონალში
2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის ჯანდაცვის მუშაკების რაოდენობა შეადგენს 6.4%-ს.
რისკის ჯგუფების მიხედვით, დაინფიცირებული ჯანდაცვის მუშაკთა 72% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და სტაციონარების მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელია. დაინფიცირებული ჯანდაცვის მუშაკების წილი მთლიანი ჯანდაცვის პერსონალის ჯამური რაოდენობის 39.9%-ს შეადგენს. ინფიცირებულთა შორის 82% იყო ქალი და მხოლოდ 18% - კაცი.
პანდემიის პერიოდში, საქართველოში კორონავირუსით 117 ჯანდაცვის მუშაკი გარდაიცვალა. რაც სამედიცინო პერსონალში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობიდან 0.3%-ს შეადგენს. გარდაცვლილთა შორის 40.2% იყო კაცი, 59.8% ქალი. 30-დან 70 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი გარდაცვლილთა 68.4%-ს შეადგენდა.
COVID19 და ვაქცინაცია
საქართველოში კოვიდ-ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის გეგმის თანახმად, განისაზღვრა, რომ იმისათვის, რომ ქვეყანამ სრულად შეძლოს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა-განვითარება, წლის ბოლოსთვის, მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული. 5 ნოემბრის მონაცემებით კი პირველ რვა თვეში, საქართველომ მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 33.2%-ის აცრა მოახერხა. უკიდურესადაა დაცემული ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი და ის 2000-დან 4000-მდე მერყეობს.
პირველი ოქტომბრის მონაცემებით, აცრილთა ყველაზე მეტი, 52% თბილისზე მოდის. ყველაზე ცოტა აცრილი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ჰყავს. იქ მოსახლეობის მხოლოდ 0.82%-ია აცრილი.
სრულად ვაქცინირებულთა შორის ყველაზე მეტი ადამიანი აცრილია Pfizer BioNTech-ით. მათი რიცხვი 425 493-ს შეადგენს. AstraZeneca - თია აცრილი 58 591 ადამიანი; Sinopharm - ით 253 253; ხოლო Sinovac - ით 79 100 ადამიანი.
იმუნიზაციის შემდგომი გართულების სტატისტიკა
2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 1 802 612 აცრა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, საანგარიშო პერიოდში დარეგისტრირდა იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების (იშგამ) 1699 შემთხვევა (აცრილთა 0.1%).
საქართველოში გამოყენებული ვაქცინების მიხედვით, ყველაზე მეტი იშგამ-ი დაფიქსირდა „ფაიზერით“ ვაქცინაციის შემდგომ, ჯამში 892 შემთხვევა. ყველაზე ცოტა - 135, „სინოვაკით“ აცრის შემდგომ.
იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების 1699 შემთხვევიდან, სერიოზულად მიჩნეული იქნა მხოლოდ 180 შემთხვევა (0.01%).
მათგან ლეტალურად დასრულდა 6 შემთხვევა. 5 პირი გარდაიცვალა სტაციონარში, 1- ბინაზე.
იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის მიერ განხილული 6 ლეტალური შემთხვევიდან, დადგინდა, რომ 5 შემთხვევაში, გარდაცვალება იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან არათავსებადია. 1 შემთხვევის განხილვა კი შეჩერებულია, კომიტეტში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.
იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის ერთ-ერთი წევრია ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი. როგორც ის რადიო თავისუფლებას განუმარტავს, დადგინდა, რომ ლეტალური შემთვევები არ ყოფილა კავშირში აცრებთან:
„დეტალების და პირადი ისტორიების გავრცელების უფლება არ გვაქვს. მაგალითად, აცრის გაკეთებიდან 3-4 კვირაში, ადამიანს გაუსკდა ანევრიზმა. ან დაფიქსირდა კიდევ სხვა მიზეზი გარდაცვალების. სამედიცინო დოკუმენტაციისა და დეტალების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვალების შემთხვევები, აცრასთან კავშირში არ იყო. ყველა შემთხვევაში, ვაქცინაციისა და გარდაცვალების დრო ერთმანეთისგან ძალიან იყო დაშორებული. ლეტალური შემთხვევა სხვა მიზეზით დადგა“.
იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების ყველაზე მეტი წილი ცხელებაზე მოდის. ყველაზე ცოტა კი სავარაუდო ანაფილაქსიაზე - 9 შემთხვევა.
ინფიცირებული ვაქცინირებული - ვაქცინა და მისი ეფექტურობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფიცირებულ ვაქცინირებულ შემთხვევად განიხილავს ყველა პირს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა ორი დოზით ვაქცინაციიდან 14 დღის გასვლის შემდეგ.
1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 814 771 პირი. მათ შორის, COVID19-ით დაინფიცირდა 11 403 ადამიანი. ვაქცინაციის დაწყებიდან, 2021 წლის 15 მარტიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, სულ ოფიციალურად აღრიცხულია 279 987 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასკვნის, რომ სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი 9.44-ჯერ ნაკლებია არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. სრულად ვაქცინირებულ პირებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით განპირობებული, ინფიცირებისაგან დაცვის ეფექტურობა 89.41%-ს შეადგენს.
ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის ეფექტურობა
კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცით სრულად ვაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ზოგადი ეფექტურობა 93.35%-ია. მათ შორის:
60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია 92.29%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან;
18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის ეფექტურობა კი შეადგენს 94.64%-ს.
ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისგან (ICU-ში მოხვედრისაგან) დაცვის ეფექტურობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა საჭირო გახდა სრულად ვაქცინირებულთა 72 შემთხვევაში (მათგან მხოლოდ 4 პირი იყო 60 წლამდე ასაკის).
ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისგან, სრული ვაქცინაციით განპირობებული დაცვა შეადგენს 97.81%-ს.
60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, სრულად ვაქცინირებულთა ინტენსიური მკურნალობის საჭიროება 97.74%-ით ნაკლებად დგება არავაქცინირებულებთან შედარებით;
18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი - 99.2%-ის ტოლია.
ლეტალური გამოსავლისგან დაცვის ეფექტურობა
2021 წლის 15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან მოყოლებული, 18 წელს ზევით პოპულაციაში რეგისტრირებულია COVID19-ით გარდაცვალების 5 469 შემთხვევა.
ამ შემთხვევების 98.96% (5 412) არავაქცინირებული იყო, ხოლო 1.04% (57 ადამიანი) - ვაქცინირებული.
18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულთა შორის სიკვდილისაგან დაცვა 99.34%-ია;
60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაცია 97.24%-ით იცავს სიკვდილისაგან.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სრულად ვაქცინირებულ პირებში COVID-19-ით განპირობებული სიკვდილიანობის მახასიათებლებისა და რისკების დეტალური ანალიზი, ვაქცინების, თანმხლები დაავადებების, ჰოსპიტალში დაყოვნებისა და სხვა კლინიკური თუ სოციო-დემოგრაფიული პარამეტრების მიხედვით, წარმოდგენილი იქნება 2021 წლის შემაჯამებელ ანალიზში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში COVID19-ით დაავადებული 62 პაციენტი გარდაიცვალა. 5 სექტემბრის შემდეგ, ეს ლეტალობის ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 10 300-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში ასევე გამოვლინდა ინფიცირების 5 340 შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა კი 9.66%-ს მიაღწია.
4 ნოემბერს საქართველოში სულ 4 063 ადამიანი აიცრა. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 948 507 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 33.2%.