Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის მთავრობა საქართველოს 468 000 დოზა „ფაიზერის" ვაქცინას გადმოსცემს


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის მთავრობა საქართველოს გადმოსცემს კორონავირუსის საწინააღმდეგო 468 000 დოზა „ფაიზერის" ვაქცინას. სამინისტროს ცნობით, ვაქცინა ქვეყანაში ხუთ ეტაპად შემოვა, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალებაა!

4 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 990 501 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 041 751 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.7 %. სრულად ვაქცინირებულია 946 395 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.1%. 3 ნოემბერს აიცრა 3 469 ადამიანი.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 53 პაციენტი. ეს 17 სექტემბრის შემდეგ ლეტალობის ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 48 615 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5206 შემთხვევა. 4648-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

XS
SM
MD
LG