Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან პირადად შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, მათი ძველი ურთიერთობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პირადად, მისთვის სასურველ დროსა და ადგილზე შეხვდეს.

"მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია, თუმცა ჩვენთვის ამ პოზიციას არ გამოხატავს საპატრიარქოს არცერთი სპიკერი, მეუფე შიო ან ვინმე სხვა. მე პირადად, ნიკა გვარამია, ვითხოვ საქართველოს პატრიარქთან პირადად შეხვედრას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. მინდა მისი ინფორმირება პირადად და მოვისმინო მისი პოზიცია პირადად - ყოველგვარი შუამავლების, სპიკერების, თუ ამბიონიდან მოქადაგეების გარეშე. ჩვენ არ გვაქვს სანდოობა ადამიანების მიმართ და არ მივიჩნევთ, რომ ისინი ადეკვატურად და კეთილსინდისიერად გამოხატავენ პატრიარქის ნებას", - თქვა გვარამიამ.

მან რუსთავის ციხესთან სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა შესამჩნევად მძიმეა, რაც გამოიხატება კომუნიკაციისა და მეხსიერების პრობლემებში.

"საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ მეგობრების სახელებიც ვერ გაიხსენა. ეს არ ვიცი რისი სიმპტომია - ეს ექიმებმა უნდა თქვან", - ამბობს გვარამია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

XS
SM
MD
LG