Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2014-19 წლებში სახალხო არტისტების სტიპენდიებზე 4,5 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული ბიუჯეტიდან


2021 წლის 2 ნოემბერს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლითაც ყოველთვიურად განკუთვნილი სტიპენდიის ოდენობა ეზრდებათ იმ სახალხო არტისტებს, რომლებიც სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას 2011 წლიდან რეგულარულად იღებენ. 

რადიო თავისუფლების მიერ კულტურის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, სხვადასხვა წელს სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურატებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 500-დან 900 ათასამდე ლარი იყო გამოყოფილი და ეს თანხა 145-დან 190-მდე არტისტზე ნაწილდებოდა. 2014-2019 წლებში 4 530 000 ლარია დახარჯული სახალხო არტისტების სტიპენდიებზე.

წელი
სტიპენდიებზე დახარჯული თანხა
სტიპენდიატების რაოდენობა

2014

885 200 ლარი

2015

848 000 ლარი

185

2016

785 600 ლარი

177

2017

743 600 ლარი

163

2018

704 000 ლარი

151

2019

563 600 ლარი

146

იმ ადამიანების სია, ვიზეც სტიპენდიები გაიცემოდა, სამინისტრომ არ გასცა პირადი მონაცემების დაცვის არგუმენტით. ვიცით მხოლოდ ის, რომ სტიპენდიის მიმღები არტისტების რაოდენობა ამ დროისთვის 118-ია და მათი უმეტესობა 70 წელს არის გადაცილებული. სტიპენდიატების რაოდენობა ყოველ წელს იცვლება და კლებადია.

სახალხო არტისტის სტატუსს ატარებენ: რობერტ სტურუა, რუსთაველის თეატრის რეჟისორი, მომღერალი ნანი ბრეგვაძე, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, მომღერალი ბუბა კიკაბიძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი, „ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, რეჟისორი ელდარ შენგელაია, მევიოლინე ლიანა ისაკაძე, პიანისტი ელისო ვირსალაძე, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი, მსახიობი იმედა კახიანი, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

სახალხო არტისტებისთვის სტიპენდიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღო, 2011 წლის 20 ივლისს სახალხო არტისტებისთვის განკუთვნილი 300-ლარიანი სტიპენდია 100 ლარით გაიზარდა და 400 ლარი გახდა - მაშინ პრემიერი ნიკა გილაური იყო და სწორედ ის აწერს ხელს მთავრობის განკარგულებას.

2011 წლიდან სახალხო არტისტები ყოველთვიურად 400 ლარს იღებდნენ, ოლიმპიური ჩემპიონები - 1 000 ლარს. 2 ნოემბერს გამოცემული განკარგულებით, სახალხო არტისტების სტიპენდია 200 ლარით იზრდება და 600 ლარი ხდება, ოლიმპიური ჩემპიონების კი მცირდება და ვერცხლის მედლის მფლობელების შემთხვევაში 800 ლარი ხდება, ბრინჯაოს მედლის მფლობელებისთვის 500 ლარი. როცა სახელმწიფომ სხვადასხვა დამსახურების მქონე პირებისთვის სტიპენდიების დანიშვნა გადაწყვიტა, 2006 წელს, ამ სტიპენდიას არქიტექტორებიც იღებდნენ.

XS
SM
MD
LG