ცენტრი "ემპათია" საქართველოს პენიტენციურ სამსახურს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა და პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა მედიას უთხრა, მათ მიერ შექმნილ ალტენატიულ კონსილიუმს ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში პრობლემები ექმნება.
ჯიშკარიანი ამბობს, რომ პენიტენციურ სამსახურს ალტერნატიული კონსილიუმის ყველა წევრის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მისივე თქმით, მათი საქმიანობის დამადასტურებელი ლიცენზიები ხელმისაწვდომია საჯაროდ.
"მივიღეთ [პენიტენციური სამსახურის] ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამთა დემურიშვილის არაადეკვატური პასუხი. ის ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტთა კვალიფიკაციას, რაც ჩვენთვის მიუღებელია და ამით დემურიშვილი უფლებამოსილებას ამეტებს... ამ მოქმედებას განვიხილავთ პაციენტის უფლებების დარღვევად, რადგან მას აქვს უფლება აირჩიოს სამედიცინო დახმარების გამწევი..." - თქვა ჯიშკარიანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაკონტროლებლად ჯანდაცვის სამინისტრომ კონსილიუმი შექმნა. იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობდეს ალტერნატიული დასკვნაც, "ემპათიამ" ალტერნატიული კონსილიუმი შექმნა.