უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახური" გმობს დეპუტატ გეო ლეროსის საქციელს და პარლამენტის რეგლამენტის კომიტეტისგან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს. მმართველი პარტიის აღშფოთება 4 ნოემბრის სესიაზე დეპუტატ გეო ლეროსის სიტყვებმა და საქციელმა გამოიწვია.
„გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო. ვხედავ, რომ თქვენი [ანდრეი] ერმაკიც (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.-რედ) აქ იმყოფება. მინდა გითხრათ, რომ მე არ მეშინია სიმართლის თქმის. თქვენ შეგიძლიათ მომისიოთ თქვენი სამართალდამცველი ორგანოები, აღძრათ საქმე, მაგრამ მე არ მეშინია სიმართლის თქმის.. თქვენ ხართ ამ ქვეყნის მთავარი მოღალატე“, - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გეო ლეროსმა 4 ნოემბერს ვერხოვნა რადაში მისულ უკრაინის პრეზიდენტს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ლეროსის ამ სიტყვებზე რეაგირება არ ჰქონია, ხოლო უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა ლეროსს სიტყვა არ დაამთავრებინა და ოპოზიციონერ კოლეგას მიკროფონი გამოურთო. ამ უკანასკნელმა კი ტრიბუნიდან ჩასვლის დროს პრეზიდენტ ზელენსკის შუა თითი უჩვენა.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი გამოხდომის გამო, მმართველმა ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ თხოვნით მიმართა პარლამენტის რეგლამენტის კომიტეტს, რათა შეაფასოს დეპუტატ ლეროსის საქციელი და გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება
სახალხო დეპუტატი გეო ლეროსი თავის დროზე იყო ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი და პროსაპრეზიდენტო პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი, მაგრამ ამჟამად ხშირად აკრიტიკებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, იქ ფესვგამჯდარი კორუფციის გამო.
მიმდინარე წლის მარტში გეო ლეროსმა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც პირი, რომელიც ძალიან წააგავს ანდრეი ერმაკის ძმას, დენისს, ხელისუფლებაში გარკვეული პირების დანიშვნასთან დაკავშირებით ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს. ამ მხილების პასუხად, ზელენსკიმ ლეროსს უწოდა „თაღლითი“ და განაცხადა, რომ ერმაკის ძმას არ აუღია ფული ხალხის თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ.
2020 წლის სექტემბერში „ხალხის მსახურმა“ გეო ლეროსი ფრაქციიდან გარიცხა.