პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, საკრებულოებმა, რომელთა უმრავლესობაშიც "ქართული ოცნება" არ არის, მერი გადააყენონ. ამ პროცესს დოლიძე "სახალხო იმპიჩმენტს" უწოდებს.
მისი თქმით, ყველა იმ ქალაქში, სადაც ოპოზიციურ და სახელისუფლებო კანდიდატებს შორის სხვაობა მინიმალურია, რეალურად ოპოზიციამ გაიმარჯვა, თუმცა შედეგები გაყალბების გამო შეიცვალა. მან ამ გაყალბებული ქალაქების ჩამონათვალში ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი ახსენა.
"ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, რომ გადავაყენოთ მერები და მათ გამოვუცხადოთ უნდობლობა... თუ გახარიას პარტიას მივათვლით ოპოზიციას, ბათუმში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში და რუსთავში არჩევნებიდან ექვს თვეში [უმრავლესობას] შეუძლიათ დასვან მერის უნდობლობის საკითხი. თუ ამას საკრებულოს უმრავლესობა არ გააკეთებს, ამომრჩევლის 20 პროცენტს შეუძლია ყველგან იგივე პროცესის დაწყება... თუ გახარიას პარტია არ მიიღებს მონაწილეობას, დავიწყოთ პეტიციების მომზადება", - თქვა დოლიძემ.
მისი თქმით, როცა სხვა საკრებულოებში დაინახავენ, რომ მსგავსი პროცესები დაიწყო, შესაძლოა "ქართული ოცნების" წევრები უმრავლესობას გამოეყონ და თავადაც გახდნენ ამ პროცესის მონაწილეები.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. გეგმების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ", თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ 31 ოქტომბერს, თბილისის პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის გარდა, არჩევნების შედეგებს ოპოზიცია ადგილზე გააპროტესტებს სხვა ქალაქებშიც. მორიგი აქცია დედაქალაქში 6 ნოემბერს გაიმართება.