"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ეკა ხერხეულიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რჩება თავის პოზიაციაზე და მიაჩნია, რომ საჭიროა საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი, რაც არის „ეგზისტენციალური საკითხი“, მაგრამ „მიმდინარე პერიპეტიების ფონზე და საკონტიტუციო ცვლილების კენჭისყრამდე“ დეპუტატებმა მანდატებზე უარის თქმისგან თავი უნდა შეიკავონ.
ამის შესახებ ეკა ხერხეულიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.
„მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არის შემდეგი პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით, ის იგივენაირად ფიქრობს, რომ გუშინდელი მისი პოზიცია გახლავთ სწორი. მისმა ფრაქციამ, მე ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრობის“ ფრაქციამ , მორალურადაც და სამართლებრივადაც კარგი იქნება რომ დატოვოს პარლამენტი, მაგრამ ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს - ის, რომ დღეს მე მასთან ვიყავი და ახლა გამოვედი, ეს არის შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმის, რომ მე მაქვს მანდატი საქართველოს პარლამენტის და დეპუტატის, ეს შესაძლებლობა მთლიანად კვედება. ის ხედავს ძალიან დიდი რისკს ამაში, როდესაც მის თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება გზა კომუნიკაციის. ასევე მეორე, საკონსტიტუციო კენჭისყრებთან დაკავშირებით - ეს არის, პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ, ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ ეს ჩასატარებელი გვაქვს, გადასატანი გვაქვს ეს დღეები, აქედან გამომდინარე ის, რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით და არც საპარლამენტო და არც საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას აღარ მივიღებთ - ეს ასე იქნება“,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა „ლელოს“ ფრაქციას ბოიკოტთან დაკავშირებით და მას „სწორი და გამართლებული ნაბიჯები“ უწოდა, იმ გამოწვევების პირისპირ, რასაც ხელისუფლება სჩადის.
2 ნოემბერს, ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ მიუხედავად ბოიკოტისა, ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
2 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და მოუწოდა, დროულად გაკეთდეს განცხადება იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში დადგება მეორე მოსმენით კენჭისყრაზე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ არსებობს არავითარი ვალდებულება, რომ პარლამენტმა რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მიიღოს. ამის შესახებ განცხადება მან 2 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში, ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ქვეყნისთვის, რადგან დადგენილია პროპორციული სისტემა 5%-იანი ბარიერით, რომელიც ლეგიტიმურია და 2024 წლიდან ამოქმედდება.
ფრაქცია „ლელოს“ ბოიკოტის გარდა, 1 ნოემბერს, სადეპუტატო მანდატის დატოვების თაობაზე განცხადებები გააკეთეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე, 31 ოქტომბერს, პარლამენტის დატოვების შესახებ განაცხადა „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ. დეპუტატის მანდატს ტოვებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც.
მიხეილ სააკაშვილმა, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილის საშუალებით მოუწოდა თანამოაზრეებს, დატოვონ პარლამენტის დეპუტატების მანდატები:
„ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლის და ასევე უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და პარლამენტში წესიერი ხალხისადმი, მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ მარტო დატოვონ საკუთარ თავთან“.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.