Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე პარლამენტის მანდატებზე უარს და ბოიკოტს არასწორად მიიჩნევს


ოპოზიციური ფრაქცია „რეფორმების ჯგუფი“ საქართველოს პარლამენტში მუშაობას განაგრძობს. ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ სრულად იზიარებენ მოთხოვნას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლნიკაში გადაყვანის შესახებ, თუმცა, ამ მოთხოვნით ბოიკოტს და ასევე, ზოგიერთი დეპუტატის გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის მანდატებზე უარის შესახებ, არასწორად მიიჩნევენ.

ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, „ბრძოლის ველიდან გასვლის და გვერდზე გადგომის დრო არ არის“.

„ძალიან რთულია აქ ყოფნა იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რა იარლიყებსაც მიაკერებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც აქეთ მხარეს ზის და წარმოადგენს ოპოზიციას იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში რადიკალიზმი ყვავის, იარლიყების მიწებება ყვავის, ყვავის ყველაფერი, რაც უკავშირდება ზიზღს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ დღეს, 2 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. მან „ქართულ ოცნებას“ მიმართა, რომ პოლარიზება მთავრდება რეალური თანამშრომლობით და დიალოგით და არა პოლიტიკური შურისძიებით.

„რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის თქმით, ელოდება სექტემბერში პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით 2021 წლის აპრილში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის მიერ ერთობლივად ინიცირებული ცვლილებებით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის მანდატების პროპორციული განაწილების წესთან ერთად უნდა ამოქმედდეს 5%-იანის ნაცვლად 2%-იანი საარჩევნო ბარიერი.

ხათუნა სამნიძემ „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შეახსენა, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების პირობა აქვთ დადებული და იმედი გამოთქვა, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ „ნაციონალური მოძრაობის" და „ლელოს" წარმომადგენლებიც: „ვინც თვლის, რომ ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კოალიციური მმართველობა და ამის გარანტია ერთ-ერთი და არა ერთადერთი არის სრულად პროპორციული არჩევნები დაბალი ბარიერით".

ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, მკაფიოდ თქვას, რომ უახლოეს ხანში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით კენჭისყრაზე დადგება.

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ კოალიციური მმართველობის მიზნით გაერთიანებული ოპოზიცია არ აღიარებს და საპროტესტო აქციებს იწყებს, პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ და "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

ფრაქციამ „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა, სანამ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურად დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG