ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 30 ოქტომბერს ზუგდიდის #20 უბანთან დაკავებულ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ ოთხივე პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლეს შეეძლო გაფრთხილება გამოეყენებინა ან მათთვის ჯარიმა დაეკისრებინა, თუმცა გადაწყვეტილება ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენებაზე შეაჩერა.
პატიმრობა შეეფარდათ:
- გიორგი მუმლაძეს - 10 დღე;
- ნიკოლოზ ნარსიას - 8 დღე;
- ალბერტ მერაბაშვილს - 8 დღე;
- კახა კვეკვესკირს - 5 დღე.
სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიციის სამმართველოსთან ელოდებოდნენ მოძრაობა "საქართველოსთვის" წარმომადგენლები. ერთ-ერთი მათგანის, ალიკა კუპრავას განცხადებით, გიორგი მუმლაძის, კახაბერ კვეკვესკირის, ნიკოლოზ ნარსიას და ალბერტ მერებაშვილის მიმართ დაირღვა დაკავების საპროცესო ვადები. მისი თქმით, დაკავებიდან გასული იყო 48 საათი, თუმცა ისინი არ გაათავისუფლეს.
"ქართული ოცნება" სჯის პატრიოტ ადამიანებს ნაცვლად იმისა, რომ დასაჯოს ის ადამიანები, ვინც მათზე იძალადა. ეს არის დიქტატურა, რომელსაც ამყარებს "ქართული ოცნება", - განაცხადა ალიკა კუპრავამ.
პოლიციის სამმართველოში, დაკავებულებთან გასაუბრებისა და საპროცესო ვადის შესაძლო დარღვევების შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლევან პაპავა იმყოფებოდა. მისი სიტყვებით, ყველა საჭირო დოკუმენტები გადაგზავნილია სახალხო დამცველის შესაბამის დეპარტამენტში, რომელიც შეისწავლის და კიდევ ერთხელ გამოითხოვს წერილობით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან. როგორც ლევან პაპავა ამბობს, საბოლოო შეფასებას აღნიშნულზე გააკეთებს სახალხო დამცველი.
30 ოქტომბერს ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-20 უბანთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული ორგანიზაციების წევრებს შორის. მოძრაობის "საქართველოსთვის" წევრი, ნიკა ნარსია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრიდა კენჭს, დაკავებამდე ამბობდა, რომ უბანთან სიებით ხელში მოქალაქეები შეამჩნიეს, ამ საკითხით დაინტერესებამ კი "ქართული ოცნების" მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ ინციდენტის დროს დააკავეს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ერთი პირიც, თუმცა სასამართლოს მის საქმეზე არ უმსჯელია.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დაკავებულების პროცესი დისტანციური წესით მიმდინარეობდა.