Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ანა წითლიძე პარლამენტს ტოვებს

ანა წითლიძე პარლამენტს ტოვებს


"ნაციონალური მოძრაობის" სიით არჩეული მე-10 მოწვევის დეპუტატი ანა წითლიძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან "ფეისბუკზე" დაწერა.

"მე არ ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ. მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა (არც მქონია ისე ვიბრძოდი). "ქართული ოცნება" უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო", - აღნიშნა მან.

დღეს, 1 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ წითლიძის მსგავსად, საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას აპირებენ მისი თანაპარტიელი ნონა მამულაშვილი და ზურა ჯაფარიძე (გირჩი - მეტი თავისუფლება). იგივე გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს მიიღო "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც.

დეპუტატების გადაწყვეტილება დროში ემთხვევა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადებას.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. გეგმების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ", თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ 31 ოქტომბერს, თბილისის პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის გარდა, არჩევნების შედეგებს ოპოზიცია ადგილზე გააპროტესტებს სხვა ქალაქებშიც. მორიგი აქცია დედაქალაქში 6 ნოემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG