Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურა ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს


პარლამენტის წევრი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც "გირჩის" სიით მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში, ისევ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე. როგორც პარტიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ის უახლოეს დღეებში მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს.

"მე არც კაბინეტი მაქვს, არც ხელფასი ამიღია, არც თანაშემწე მყავს, ერთადერთი სტატუსი მქონდა შენარჩუნებული იმიტომ, რომ პარტიის რეგისტრაციის გამარტივებისთვის მჭირდებოდა წინასაარჩევნოდ, სხვა შემთხვევაში დამჭირდებოდა 25 ათასი ყალბი ხელმოწერის შეგროვება", - უთხრა ჯაფარიძემ "მთავარ არხს".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯაფარიძე პარლამენტისგან უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. ასე მოხდა თითქმის ერთი წლის წინაც, როცა მასთან ერთად ათეულობით დეპუტატმა, ბოიკოტის გამო, უარი თქვა საპარლამენტო საქმიანობაზე. მაშინ პარლამენტმა მათი მოთხონა არ დააკმაყოფილა, ჯაფარიძემ კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განიხილეს, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ.

​თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო მანდატის დატოვება გადაწყვიტა მამუკა ხაზარაძემაც, რომელიც "ლელოს" ლიდერია. მანდატზე უარის თქმას აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილიც.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. გეგმების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ", თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ 31 ოქტომბერს, თბილისის პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის გარდა, არჩევნების შედეგებს ოპოზიცია ადგილზე გააპროტესტებს სხვა ქალაქებშიც. მორიგი აქცია დედაქალაქში 6 ნოემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG