"ქართული ოცნება" "მთავარ არხს" საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით მანიპულირებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
მან მაგალითად მოიყვანა ზუგდიდის შემთხვევა. მთავარი არხის გამოცხადებული კვლევის შედეგებით, ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ანზორ მელია (54,7%) ლიდერობდა, მის კონკურენტს "ქართული ოცნებიდან" მამუკა წოწერიას კი გაცილებით დაბალი შედეგი (45,3%) ჰქონდა. Ipsos-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, წოწერიას 51 პროცენტი აქვს, მელიას კი 49%.
სხვა ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი) "მთავარი არხის" გამოქვეყნებული მონაცემები Ipsos-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რიცხვების მსგავსია.
"გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სკანდალის შესახებ, რომელშიც გაეხვა "მთავარი არხი", "ნაციონალური მოძრაობა" და IPSOS-ი... ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ფაქტებიც ადასტურებს, რომ ეს კვლევები იყო მანიპულირებული - აცდენა იყო ხოლმე დიდი. ამ შემთხვევაში ვნახეთ პირდაპირ, როგორ ვერ დაიმალა მანიპულაციის კვალი", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
კვლევაში, რომელიც Ipsos-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და რომელზეც ჟურნალისტებს პაპუაშვილმა მიუთითა, სხვა განსხვავებებიც არის, მათ შორის, ცდომილების ზღვარი და გამოკითხვის თარიღი.
როგორც "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით Ipsos-ისგან ახსნა-განმარტებებს ელიან.
"სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია "მთავარი" პარტნიორი კომპანიის Ipsos Global-ის პოზიციის თაობაზე ინფორმაციას იღებს ქართული ოცნების ბრიფინგიდან. იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას და ეს სამწუხარო ინციდენტი ამით ამოიწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი არხი საკუთარ პოზიციას ხვალ 12 საათზე გააცნობს საზოგადოებას", - დაწერა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა "ფეისბუკზე".
მასალა განახლდა "მთავარი არხის" კომენტარის მოპოვების შემდეგ.