Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ - რუსულ ციხეში


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელიც სავარაუდოდ 27 ოქტომბერს არის დაწერილი. ამ პოსტში ის საუბრობს 27 ოქტომბერს მის მიერ მიღებულ გადაყვეტილებაზე, უარი თქვას ყველანაირ სამედიცინო დახმარებასა და პროცედურაზე, სანამ ადვოკატებთან შეუზღუდავი კომუნიკაციის საშუალება კვლავ არ მიეცემა. სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში, სადაც სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელი არ არის, "ადვოკატურაც გაგვიუქმეს."

"მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ - რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ. დღეს შევხვდი უკრაინელ ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას, რომლის ძალიან მადლიერი ვარ. მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა" - წერს მსჯავრდებული სააკაშვილი. ის 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დღის შემდეგ ის შიმშილობს. სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში გუშინ მოინახულა უკრაინის ომბუდსმენმა, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის შემთხვევაში ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, თავად მას კი დაბრკოლება შეხვდა საქართველოში საზღვრის კვეთისას.

"დღეს, დილიდან, პირად ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა. შეხვედრის ოთახში, ჩვენ შორის არსებული, შუშის კედელი ბოლომდე ამოგვიშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთში დოკუმენტებს ვეღარ გავცვლით. ამასთანავე, არის ძალიან ცუდი სმენადობა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში და მით უფრო, არასდროს ევროპაში.

დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

XS
SM
MD
LG