Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელი ფოტოს გიღებთ? - კითხვები „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე


მთავრობა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს გეგმავს, რომელიც ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ზრდის პოლიციელების უფლებამოსილებას ადამიანის იდენტიფიცირების დროს და აჩენს ადამიანის პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო, არაპროპორციული ჩარევის რისკებს. მსგავსი მოსაზრება აქვს კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც. მათი აზრით, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, იზრდება პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების, პოლიციის მუშაკის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისა და თვითნებობის რისკები.

კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მხარი დაუჭირა ცვლილებებს. კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კი მას „პროგრესული“ უწოდა.

რას გულისხმობს კანონში ცვლილებები?

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილებების მიზანია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებისას პრაქტიკაში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა და გამართული საკანონმდებლო ჩარჩოს უზრუნველყოფა. ამ მიზნების მისაღწევად კი შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის უკვე არსებულ ოთხ მუხლში, მე-15, მე-19, მე-20 და 27-ე მუხლებში ცვლილებები შევიდეს და ამასთანავე კანონს დაემატოს კიდევ ერთი 37-ე პრიმა მუხლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში, განსაკუთრებით საინტერესოა მე-15, მე-19 და მე-20 მუხლებში დაგეგმილი ცვლილებები.

კანონპროექტის თანახმად, მე-19 მუხლში განისაზღვრება, სამართალდამცავის მიერ გაჩერებული მოქალაქის ვინაობის უშუალოდ ამ პირისგან დადგენისას პოლიციის უფლებამოსილება და ასევე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმების წესი სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში. ამავე მუხლის თანახმად, დარეგულირდება სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების საფუძველი და ეს შესაძლოა იყოს: ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტიფიცირება; ქვეყანაში უკანონოდ მყოფი უცხოელის იდენტიფიცირება; ან უფლების ჩამორთმევის გადამოწმება.

რაც შეეხება კანონის მე-20 მუხლში დაგეგმილ ცვლილებას, სამართალდამცავის მიერ გაჩერებული პირის იდენტიფიკაციის საფუძვლებს ემატება შემთხვევა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოქალაქის მიერ მიწოდებული მონაცემები ან/და პირადობის დამადასტურებელი საბუთები, არ შეესაბამება მის ნამდვილ ვინაობას.

პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია:

  • თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება;
  • ფოტოსურათის გადაღება;
  • დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება;
  • სიმაღლის გაზომვა;
  • ხმის ჩაწერა;
  • სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში მონაცემთა გადამოწმება;
  • სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.

პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.

პოლიციელი პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება.

მე-20 მუხლით ასევე დარეგულირდება ის შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავს არ ექნება ვალდებულება შეადგინოს ოქმი და ეს იმ შემთხვევაში თუკი ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად არ არსებობს მის მიმართ საპოლიციო/სისხლის სამართლის საპროცესო ან სხვაგვარი რეაგირების ღონისძიების განხორციელების შემდგომი საჭიროება. ამ შემთხვევაში, მოქალაქე უფლებამოსილია 3 დღის ვადაში მიმართოს სამინისტროს და წერილობით მოითხოვოს მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია.

ცვლილება ხორციელდება კანონის მე-15 მუხლშიც, რომელსაც ემატება მე-5 ნაწილი და დგინდება, რომ სამინისტროს სისტემის მოსამსახურე უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, დაამუშაოს სამინისტროს სისტემის საინფორმაციო ბაზებში დაცული მონაცემები.

რა პრობლემებს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციები დაგეგმილ ცვლილებებში?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დღემდე არსებობს პოლიციის მიერ გაჩერებული მოქალაქის გამოკითხვისა და იდენტიფიკაციის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ადამიანები დასაბუთების გარეშე ექვემდებარებიან ინტენსიურ საპოლიციო კონტროლს.

ამ მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ქუჩაში ადამიანის გამოკითხვის პრაქტიკაზე, რა დროსაც, ფაქტობრივად, ნორმად არის ქცეული პოლიციის მხრიდან ფოტოსურათების გადაღება როგორც თავად ადამიანისთვის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისთვის. ეს კი ცალსახად წარმოადგენს პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მაგალითს. აღნიშნული პრაქტიკა განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ ხშირ შემთხვევაში, მსგავსი მოქმედებები ტარდება სამართალდამცავის პირადი მობილური-ტელეფონის საშუალებით, საიდანაც მუდმივად არსებობს მონაცემების გავრცელების ან მათი არასათანადოდ გამოყენების რისკები. ამ და იდენტიფიკაციის სხვა ფორმების გამოყენებით, ადამიანთა პირადი მონაცემების შეგროვება ისე ხდება, რომ როგორც წესი, სათანადოდ არ არის დასაბუთებული მისი მიზნები და აუცილებლობა. ამ და იდენტიფიკაციის სხვა ფორმების გამოყენებით, ადამიანთა პირადი მონაცემების შეგროვება ისე ხდება, რომ როგორც წესი, სათანადოდ არ არის დასაბუთებული მისი მიზნები და აუცილებლობა.

არასამთავრობო ორგანიზაციები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, განცხადებასაც ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას აღნიშნული კანონპროექტის ამ სახით მიღება და მანკიერი საპოლიციო პრაქტიკის კანონის ფარგლებში მოქცევა.

სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მერაბ ქართველიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადამიანის უფლებათა პროგრამის ხელმძღვანელი. ის ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქციოს ის პრაქტიკა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისკენ არის მიმართული.

მართალია კანონპროექტში არ არის აღნიშნული, თუმცა როგორც მერაბ ქართველიშვილი ამბობს, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ზეპირად გაავრცელა ინფორმაცია, თუ როგორ და რა გზით გადაამოწმებს სამართალდამცავი პირის შესახებ პირად მონაცემებს. მერაბ ქართველიშვილს კითხვები აქვს ამ მიმართულებითაც:

მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი

„მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ შეიქმნება ერთგვარი აპლიკაცია. სამართალდამცავებს ექნებათ ამ აპლიკაციაზე წვდომა და როდესაც სამართალდამცავი გააჩერებს მოქალაქეს, მხოლოდ ამ აპლიკაციით მოხდება მისი მონაცემების გადამოწმება. მათ შორის, იგულისხმება ისიც, რომ თუკი საჭირო იქნება ფოტოს გადაღება, ეს უნდა მოხდეს ამ აპლიკაციის საშუალებით. თუმცა, აქ საინტერესოა ერთი რამ, თუ რამდენად მოხდება პერსონალური მონაცემების დაცვა, ვინაიდან, ჩვენ თუ გვაჩერებს სამართალდამცავი და მაგალითად გვიღებს ფოტოს, არ ვიცით, ეს ფოტო რჩება თუ არა ტელეფონში, მეორე, ნამდვილად აპლიკაციის საშუალებით გადაგვიღებს ფოტოს თუ არა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გამოირიცხოს ყველა ის ალბათობა, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება არ მოხდება კანონისმიერი მიზნების გარეშე. ჩვენ ამ მომენტისათვის ისიც კი არ ვიცით, რა ტიპის აპლიკაციასთან გვექნება საქმე. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, სავარაუდოდ, ამ აპლიკაციაში დაცული იქნება, ძებნილი, დაკარგული, ქვეყანაში უკანონოდ მყოფი პირების ან უფლებაჩამორთმეული პირების ერთიანი ბაზა და ამ ბაზისა და აპლიკაციის საშუალებით მოხდება ადამიანების იდენტიფიკაცია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ დანამდვილებით, რომ ამ აპლიკაციის გამოყენების შემდეგ, სამართალდამცავის ტელეფონში არ დარჩება ჩვენი პირადი მონაცემები, ფოტოები და ა.შ. არც ის დაუკონკრეტებიათ, ეს აპლიკაცია პირად ტელეფონებში ექნებათ ჩამოტვირთული სამართალდამცავებს თუ სამსახურებრივ ტექნიკაში“.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მერაბ ქართველიშვილს კითხვები აქვს, ეს არის სამართალდამცავის მიერ ოქმის შევსების ვალდებულების არ არსებობა. კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სამართალდამცავს არ ექნება ვალდებულება შეადგინოს ოქმი მაშინ, როდესაც არ დადგინდება პირის მიმართ საპოლიციო/სისხლის სამართლის საპროცესო ან სხვაგვარი რეაგირების ღონისძიების განხორციელების საჭიროება. ამ შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია სამი დღის ვადაში, წერილობით მოითხოვოს მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია.

„ვინ განუმარტავს პირს, რომ მას შეუძლია სამი დღის განმავლობაში მოითხოვოს ინფორმაცია, რომ მასზე განხორციელდა საპოლიციო ღონისძიება. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა ეწერება ამ დოკუმენტაციაში. ეწერება თუ არა იქ გაჩერების მიზეზი, რა ტიპის ღონისძიებები ჩატარდა და ა.შ. მსგავსი რამ კანონპროექტში მოხსენიებული არაფერია“.

რა ამბობს სახელმწიფო ინსპექტორი „პოლიციის შესახებ“ კანონპროექტზე?

რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ აღნიშნული ცვლილებები ზრდის პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების, პოლიციის მუშაკის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისა და თვითნებობის რისკებს. გარდა ამისა, საფრთხეს უქმნის პოლიციის მუშაკის მიერ პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების შემთხვევების გამოვლენას და საპოლიციო ღონისძიებების შემდგომში გასაჩივრების უფლებას.

ამასთანავე, ინსპექტორის სამსახური თვლის, რომ დაგეგმილი ცვლილება ართულებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მტკიცებულებების მოპოვებისა და პერსონალურ მონაცემთა შესაძლო უკანონო დამუშავების ფაქტების გამოვლენის პროცესს.

„რაც შეეხება პირის იდენტიფიკაციის მიზნით საინფორმაციო ბაზებში პირის პერსონალური მონაცემების გადამოწმების საკითხთან დაკავშირებულ ცვლილებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული ლეგიტიმური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ, პოლიციის მუშაკი ვერ დაადგენს პირის ვინაობას ან/და ამგვარი დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად, კვლავ იარსებებს პირის ვინაობაში ეჭვის შეტანის საფუძველი და ასეთ შემთხვევაში, დამუშავდება მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო მონაცემები ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.

„პოლიციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცედურის თანახმად, კანონში ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღად განსაზღვრულია 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე პერიოდი. მანამდე კი კანონპროექტი წამყვანმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 9 ნოემბრამდე უნდა განიხილოს.

XS
SM
MD
LG