Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 ოქტომბერს "ქართული ოცნება" აქციას მართავს


თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, 27 ოქტომბერს ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნება" აქციას მართავს. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მხარდამჭერებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

"ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის... გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი", - თქვა მან.

ზუსტად ამ ადგილზე, ორი კვირის წინ, 14 ოქტომბერს აქცია გამართა "ნაციონალურმა მოძრაობამ". აქციის მთავარი მოთხოვნა საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ამ პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო.

"რაც შეეხება, ე.წ. კონტრაქციას, ეს არის ის მესიჯბოქსი, რომელიც დაალაგეს ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა. არანაირი კონტრაქცია ეს არ არის, ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია. მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია თუ ნამდვილი, რეალური აქცია, რომლის მიზანია, ხალხისთვის, საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, რომ მას სურს თავისუფლება", - თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მერის ასარჩევად 20 მუნიციპალიტეტში იმართება, მათგან ხუთივე თვითმმართველ ქალაქში. თვითმმართველ ქალაქებში სახელისუფლებო კანდიდატებს ყოფილი ხელისუფლების დაყენებული კანდიდატები უპირისპირდებიან.

XS
SM
MD
LG