"ვინ ხართ თქვენ? რადიო თავისუფლებას არ გაგცემთ პასუხს" - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვას თელავში, წინასაარჩევნო რეგიონული ტურნეს დროს.
რადიო თავისუფლებას პრემიერისგან აინტერესებდა მოესმინა, რატომ ვერ შესრულდა ის დაპირებები, რომელიც მან პირადად და მისმა გუნდმა სხვადასხვა დროს, 2012 და 2015 წლებში გასცეს კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს.
2015 წელს, პირველი პრემიერობის დროს ღარიბაშვილი კახეთის მოსახლეობას რამდენიმე პროექტის განხორციელებას დაპირდა: მათ შორის იყო სიღნაღში სამკერვალო ფაბრიკის აღდგენა, ლაგოდეხში თამბაქოს წარმოების განვითარება, ახმეტაში მარმარილოს საწარმოს აღდგენა. არცერთი ეს პროექტი არ განხორციელებულა. "ქართული ოცნება" ასევე 2012 წლიდან დებდა პირობას, რომ კახეთში აღდგებოდა რკინიგზა. ეს დაპირებაც ამ დრომდე შეუსრულებელია.
ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი ახსნა იმით, რომ რადიო თავისუფლება "ყოველთვის დამახინჯებულად ინფორმაციას ავრცელებს."
„მინდა, კიდევ ერთხელ ჩემს ძვირფას მშობლიურ თელავს და თელაველებს მივმართო და ვუთხრა, რომ უშუალოდ, მე პირადად ვიქნები ჩართული თითოეული მუნიციპალიტეტის პროექტებში, განსაკუთრებული ემოცია მაქვს თელავის მიმართ, კახეთის მიმართ მოგეხსენებათ, თუმცა აქ არავითარი დიფერენცირება არ იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის მიმართ მექნება თანაბარი მიდგომა.
ჩვენ ვგეგმავთ, ბიუჯეტიც გავზარდოთ, ძალიან ბევრი მაგარი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, მათ შორის ახალი ტურისტული ატრაქციების გაკეთებას თელავში, მასშტაბური, გრანდიოზული ურბანული განახლების პროგრამებს ვიწყებთ იანვრიდან დამატებით და ძალიან ბევრი პროგრამა გვაქვს. რა თქმა უნდა, არ მინდა, არავის გვსურს, თელაველებს და თელავს, რომ ვინმემ გააგრძელოს საბოტაჟი, ისეთი, როგორიც ხდებოდა ბოლო წლებში.
ჩვენ აქ მყარი უმრავლესობა გვყავს საკრებულოში, სრულად ვაკონტროლებთ საკრებულოს და შესაბამისად, არავითარი პრობლემა არ ექნება თელავს, თელავის მოსახლეობა ძალიან ბევრ პროგრესს მიიღებს, ამას ვპირდები მე პირადად“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა მის გეგმებზე საუბრისას დღეს თელავში.