ჰაზარელების ეთნიკური ჯგუფის პოლიტიკური ლიდერი და ავღანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ქაბულის დასავლეთით იპოვეს შიმშილით დაღუპული რვა ობოლი ბავშვის გვამი.
24 ოქტომბერს ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში მოჰამად მოჰაყიყი ამბობს, რომ ბავშვები დაახლოებით სამი კვირის წინ გარდაიცვალნენ. მისი თქმით, ბავშვები ადგილობრივმა სასულიერო პირმა და მეზობლებმა დაასაფლავეს.
ადგილობრივი სასულიერო პირი, მოჰამად ალი ბამიანი ამბობს, რომ დაღუპულ ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი რვა წლის იყო, ყველაზე პატარა - წლინახევრის. "მათ არავინ ჰყავდათ" - ამბობს ბამიანი. "მათი მშობლები ცოცხლები არ არიან, და არც ახლო ნათესავები ჰყოლიათ". ბამიანი იხსენებს, რომ შევიდა სახლში, სადაც ბავშვების გვამები აღმოაჩინეს. "მათ ისე შიოდათ, რომ ფეხების გასწორებაც არ შეეძლოთ" - ამბობს ის.
თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედ მთავრობას ამ ფაქტის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. გაერო გამოდის გაფრთხილებით, რომ ჰუმანიტარული დახმარების სწრაფად მიწოდების გარეშე ავღანეთს ემუქრება მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი, მათ შორის მასობრივი შიმშილი.