Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი სავარაუდოდ Delta შტამზე უფრო გადამდებია


რუსეთში აღმოაჩინეს COVID-19-ით დაავადების ახალი შემთხვევები კორონავირუსის ახალი ვარიანტით, რომელიც, როგორც ფიქრობენ, უფრო გადამდებია, ვიდრე Delta შტამი.

შესაძლებელია, AY.4.2 ვარიანტი ფართოდ გავრცელდეს, განაცხადა 21 ოქტომბერს რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებლის, „როსპოტრებნადზორის“ წამყვანმა მკვლევარმა კამილ ხაფიზოვმა.

მისი თქმით, ახალმა ვარიანტმა შესაძლოა გამოიწვიოს COVID-19-ით დაავადების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა და საბოლოოდ ჩაანაცვლოს კიდეც Delta, თუმცა ეს პროცესი სავარაუდოდ ნელი იქნება.

დღესვე მთავრობამ განაცხადა, რომ უკანასკნელ დღე-ღამეში COVID-19-ს 1036 ადამიანი ემსხვერპლა, რაც რუსეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან. ასევე სარეკორდოდ მაღალია ინფიცირებულთა რაოდენობაც - 36339.

რუსეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 227389-ს შეადგენს და ბევრად აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში ინფექციის ზრდის აჩქარების გამო მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 21 ოქტომბერს მკაცრი ამკრძალავი ზომების კვლავ შემოღების შესახებ გამოაცხადა 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში. დაიხურება მაღაზიები, რესტორნები, ბარები გარდა იმათი, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლით ვაჭრობენ. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 30 ოქტომბრიდან გამოაცხადა მუშაობის შეწყვეტის კვირეული.

XS
SM
MD
LG