Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სააკაშვილის საქმეზე კონსილიუმი დღეს შეიკრიბება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ექიმებისგან დაკომპლექტებული სამედიცინო ჯგუფი დღეს, 18 ოქტომბერს შეიკრიბება. გადაწყვეტილება, როგორც მინისტრმა თქვა, სააკაშვილის პირადი თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

"მე არ ვარ ჩართული თვითონ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვაში, ვინაიდან ამის უფლებამოსილება მე არ გამაჩნია, კონსილიუმი მსჯელობდა. მათთან გასაუბრების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო და რამე რისკები არ შეინიშნებოდა. თუმცა, მისი პირადი ექიმის თხოვნით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება და უკვე იმის მიხედვით იმოქმედებენ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ შეხვედრის შემდეგ... ჯგუფი მზად არის, აქტიური მონიტორინგი აწარმოოს პაციენტისთვის, მნიშვნელოვანი არის ექიმების აქტიური ჩართულობა. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული რგოლი ნაკლებად ჩართული იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ ექიმებს იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ პაციენტის უსაფრთხოება", - თქვა ტიკარაძემ.

კონსილიუმის წევრები იქნებიან:

  • ზურაბ ფაღავა - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი კარდიოლოგიის დარგში;
  • დავით მეტრეველი - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ​ ენდოკრინოლოგიის დარგში;
  • ალექსანდრე ცისკარიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ნევროლოგიის დარგში;
  • ნინო შარაშენიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგიის დარგში;
  • ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი.

უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და ის ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. ექსპრეზიდენტს ორ საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა, ხოლო კიდევ ორ საქმესთან დაკავშირებით მას ბრალი აქვს წაყენებული.

რუსთავის ციხეში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა. როგორც ადვკატები ამბობენ, ის ამ დრომდე შიმშილობს.

XS
SM
MD
LG