Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია რუსთავში ხანძრისას დაღუპულ მსჯავრდებულთა ვინაობა


პენიტენციური სისტემა რუსთავის #17 საპატიმროში გუშინ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ასახელებს გარდაცვლილი მსჯავრდებულების ვინაობას: რომან ქრისტესიაშვილი და ილია ხიპაშვილი, რომლებიც სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ, დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებულები. გარდაცვალების დროსა და სავარაუდო მიზეზებზე განცხადებაში საუბარი არ არის.

პენიტენციური სისტემის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია „ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშრომელიც, თუმცა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, 14 ოქტომბერს, დაახლოებით 14:20 საათზე მოხდა. სხვადასხვა წყარო საუბრობს იმაზე, რომ ორი მსჯავრდებული ხანძრის ჩაქრობისას უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა არც ციხის ადმინისტრაციას და არც იუსტიციის სამინისტროს გარდაცვალების ფაქტი 15 ოქტომბრის დილის 10 საათამდე არ დაუდასტურებია. გუშინ გაკეთებულ განცხადებაში პენიტენციური სისტემა მხოლოდ ბუნტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფდა და ამბობდა, რომ ხანძრის გამო საპატიმრო დაწესებულებაში ელექტროენერგიის მოწოდებაა შეფერხებული.

რუსთავის ციხეებთან ამ დროისთვის მიდიან სხვა პატიმრების ოჯახის წევრები, რომ გაიგონ რა მდგომარეობაში არიან მათი ახლობლები - ხანძრის შემდეგ მსჯავრდებულებს შეზღუდულები ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან.

რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 14 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს იუსტიციის სამინისტრო, უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს.

მომხდარის შესახებ გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა, მომხდარს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც.

XS
SM
MD
LG