Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი რუსთავში ხანძრისას დაღუპულ პატიმრებზე: ერთი მეორეს გამოსაყვანად შევიდა, კვამლის გამო ვეღარ გამოვიდნენ


ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ რუსთავის N17 ციხეში, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ერთი პატიმარი მეორის გადასარჩენად შევიდა, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო ორივე გარდაიცვალა.

როგორც ის აღნიშნავს, პატიმრები საავადმყოფოში შეყვანისას, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

"ერთ-ერთი პატიმარი, რომლის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, შევარდა შიგნით მეორე პატიმრის გადარჩენის მიზნით, სამწუხაროდ, იქიდან ვეღარ გამოვიდნენ ძლიერი კვამლის გამო. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ", - თქვა მან.

რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულების ყოფილმა მსჯავრდებულმა, რომელმაც საპატიმრო დღეს დატოვა, რადიო თავისუფლებას გარდაცვლილების შესახებ უთხრა, რომ ორივე გარდაცვლილი პატიმარი სამზარეულოში მუშაობდა. მისი ვერსიითაც, ერთი პატიმარი მეორის გადასარჩენად შევიდა ხანძრის დროს ცეცხლმოკიდებულ შენობაში და იქიდან ვეღარ გამოვიდა.

რუსთავის ციხეებთან ამ დროისთვის მიდიან სხვა პატიმრების ოჯახის წევრები, რომ გაიგონ რა მდგომარეობაში არიან მათი ახლობლები - ხანძრის შემდეგ მსჯავრდებულებს შეზღუდულები ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან.

რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 14 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. პენიტენციურ დაწესებულებას გარდაცვლილთა ვინაობის და გარდაცვალების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს იუსტიციის სამინისტრო, უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს.

მომხდარის შესახებ გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა, მომხდარს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც.

XS
SM
MD
LG