Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევი „უაზროდ“ მიიჩნევს უკრაინასთან მოლაპარაკების გამართვას და ზელენსკის „უბედურ ადამიანს“ უწოდებს


რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი, „უაზროდ“ მიიჩნევს კონტაქტებს უკრაინის დღევანდელ პრეზიდენტთან, რომელმაც ნაციონალისტების ზეწოლის გამო „უარი თქვა საკუთარ იდენტურობაზე“.

„ამ ტანჯული ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ეს არის გარკვეული ეთნიკური ფესვების მქონე ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება რუსულად ლაპარაკობდა. მეტიც, მუშაობდა რუსეთში და რუსული წყაროებიდან მნიშვნელოვან საშუალებებსაც იღებდა. და მიუხედავად ამისა, როდესაც სახელმწიფო მეთაური გახდა, იმის შიშით, რომ მისი პირადი ძალაუფლების საწინააღმდეგო მორიგ „მაიდანს“ მიიღებდა, რაღაც მომენტში, მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური და ზნეობრივი ორიენტაცია. არსებითად კი უარი თქვა თავის იდენტურობაზე და გულმოდგინედ ემსახურება უკრაინის იმ თავზეხელაღებულ ნაციონალისტურ ძალებს, რომლებიც, უნდა ვაღიაროთ, რომ იქ ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ აქტიური მოსახლეობის სულ რაღაც 5-7%-ს შეადგენდნენ“, - წერს დმიტრ მედვედევი საავტორო სტატიაში, რომელიც გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნდა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ უკრაინულ კანონს მკვიდრი ხალხების შესახებ უწოდა „ნაძირლური“, ხოლო „ყირიმის პლატფორმას“ - „დებილური“ და მიანიშნა, რომ რუსეთი დაელოდება მოლაპარაკების დაწყებას უკრაინის ახალ, პრორუსულ ხელისუფლებასთან.

„უნდა დაველოდოთ უკრაინაში ჭკუათმყოფელი ხელისუფლების გამოჩენას, რომელიც რუსეთთან ომის ზღვარზე მისულ კონფრონტაციასა და დებილურ „ყირიმის პლატფორმაზე“ კი არა, არამედ რუსეთთან ურთიერთსასარგებლო და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის განვთარებაზე იქნება ორიენტირებული. უკრაინის სწორედ ასეთ ხელისუფლებასთან შეიძლება საქმის დაჭერა. რუსეთს შეუძლია ლოდინი. ჩვენ მომთმენი ხალხი ვართ“, - წერს დმიტრი მედვედევი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ სურს პირისპირ შეხვედრა ვლადიმრი პუტინთან. მაგრამ კრემლი უარს ამბობს განიხილოს უკრაინის ხელისუფლებასთან კიევისათვის აქტუალური საკითხები (ყირიმისა და დონბასის დეოკუპაცია) და კიევს საკუთარ დღის წესრიგს - სანქციების გაუქმებას, დიპლომატიური ურთიერთობებისა და სატრანსპორტო კავშირის აღდგენას - სთავაზობს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატში დმიტრი მედევედვის სტატიას უწოდეს „უკიდურესად უცნაური, უადგილო და არააქტუალური“. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკამ, მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთთან ურთიერთობაში ანგარიშს უწევს მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოზიციას და არა მისი თანამოაზრის, დმიტრი მედვედევის მიერ, „შანტაჟის პოზიციიდან“ დაწერილ წერილს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG