პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ცირკი და შოუ“ უწოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეთა განცხადებებს, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა.
„ეს ცირკი და შოუ, რაც ვიხილეთ და რაც მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე - იციან რა, რომ, რა თქმა უნდა, მეორე ტურებშიც ყველგან დამარცხდებიან - რაიმენაირად გარკვეული ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად“, - უთხრა დღეს მედიას ღარიბაშვილმა ბათუმში.
პრემიერ-მინისტრის თანახმად, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას აკვირდებიან კვალიფიციური ექიმები, აკონტროლებენ მის ჯანმრთელობას და ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:
„ამას გარდა, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს, ამასაც სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ“.
ჟურნალისტის შეკითხვას, საიდან იცის, რომ სააკაშვილმა ნახევარი კილოგრამი თაფლი ჭამა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ შესაბამისმა სამსახურმა ინფორმაცია ამის შესახებაც გაავრცელა.
„მან პირადად იყიდა, საკუთარი საკრედიტო ბარათით, ბანკის ბარათით - გეცინებათ თქვენც - 7 კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიიღო თაფლი. აქედან გამომდინარე, შეეშვით ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, - მიმართა მედიას პრემიერმა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელიც ბათუმში დაესწრო საცხოვრებელი სახლის დანგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს, ჟურნალისტებმა დღეს ისევ ჰკითხეს, იცოდა თუ არა ხელისუფლებამ, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფაქტი ის არის, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ქვეყანაში მის შემოსვლაზე კი, საზოგადოება დამატებით ინფორმაციას მიიღებს:
„ჩვენ შედეგზე ვილაპარაკოთ. ადამიანი შემოიპარა ქურდულად, მანაც ახალი დანაშაული ჩაიდინა. სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ... ბინის კარი, სადაც სააკაშვილი იმალებოდა, ჩვენმა პოლიციელებმა ამ ბინის გასაღებით გააღეს. ასე რომ, აბსოლუტურად უხმაუროდ, ყოველგვარი გართულების გარეშე დააკავეს და მოათავსეს ციხეში".
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.