საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა ცხვარაშვილმა. მისი ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული, თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო.
„ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის, ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე, ნატურალური წვენის, რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე“, - ამბობს ნიკა ცხვარაშვილი.
ინფორმაცია არ დაადასტურა მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში 8 ოქტომბრის გვიან საღამოს მოინახულა. ყიფშიძის თქმით ის აგრძელებს შიმშილობას.
8 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში იმყოფებოდა უკრაინის რადის დეპუტატი ლიზა იასკოც, ვისთანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, როგორც საქართველოში დაბრუნებამდე თქვა, მან ახალი ოჯახი შექმნა. ისაკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ციხეში წონაში საგრძნობლად დაიკლო.
„სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. მეორე კვირაა უკვე შიმშილობს, 12 კილო დაიკლო, თუმცა მზად არის ბრძოლისთვის. ამ პროცესებს მთელი მსოფლიო აკვირდება, ყველა წუხს იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დააპატიმრეს. ეს ძალიან სამწუხაროა, უნდა ვიბრძოლოთ მის გასათავისუფლებლად და საქართველოს მომავლისთვის. მას ნამდვილად აქვს უკვე ტელევიზორი, ადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს", - თქვა ლიზა იასკომ.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მან მაშინვე გამოაცხადა შიმშილობა. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.