Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის შეიტყო ხელისუფლებამ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის ფაქტი - რა წერია საქმეში?


მიხეილ სააკაშვილისა და მის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაიას ადვოკატი, ბექა ბასილაია ირწმუნება, რომ პირველ ოქტომბრამდე, ანუ ფეისბუკზე სააკაშვილის ვიდეოების გავრცელებამდე, გამოძიებამ არაფერი იცოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლისა და მისი გადაადგილების მარშრუტის შესახებ.

ბექა ბასილაიას თქმით, ამას ადასტურებს ელგუჯა ცომაიას საქმის მასალებში არსებული პატაკებისა და გამოკითხვის ოქმები. ამ დოკუმენტების თანახმად გამოძიება დაწყებულია პირველ ოქტომბერს და დაწყებულია არა საზღვრის უკანონო კვეთის, მიგრანტის შემოყვანისა თუ დანაშაულის ბრალდებით, არამედ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული ელგუჯა ცომაიას საქმის მასალებში დევს გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, რომელიც პირველი ოქტომბრით თარიღდება და სადაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს გამომძიებელი, ეკატერინე მთივლიშვილი დანაშაულის გარემოებად და ელგუჯა ცომაიას მიმართ გამოძიების დაწყების საფუძვლად აცხადებს არა მძიმე დანაშაულის დაფარვის სავარაუდო ფაქტს, არამედ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტს.

საქმის მასალების თანახმადვე, ელგუჯა ცომაიას მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე არსებული ინფორმაციის შესახებ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსს, გიორგი ბუხრაშვილს, პატაკით აცნობებს ამავე სამმართველოს დეტექტივი მიხეილ გიორგბერიძე. ის პატაკში წერს:

„მოგახსენებთ, რომ ჩემს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ერწოს ქუჩა N3-ში მცხოვრები, 1958 წელს დაბადებული ელგუჯა ცომაია უნდა იმყოფებოდეს გურამიშვილის #160-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით... აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ელგუჯა ცომაია პირადად, ასევე ხსენებულ ავტომობილში და საცხოვრებელ ბინაში უნდა ინახავდეს მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. ამავე ინფორმაციის თანახმად, ელგუჯა ცომაია მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას ასევე შესაძლოა ინახავდეს მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. გაცნობებთ რა აღნიშნულს, გთხოვთ თქვენს შემდგომ მითითებებს“.

მიხეილ სააკაშვილისა და ელგუჯა ცომაიას ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ საქმის მასალებში არსებული დოკუმენტები აბათილებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, „დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით“:

ბექა ბასილაია
ბექა ბასილაია

„პირველ ოქტომბრამდე ისინი არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ ელგუჯა ცომაიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. გამოძიება დაწყებულია დაახლოებით შუადღის 3 საათზე, რადგან პატაკის ავტორი დაკითხულია დღის ოთხის ნახევარზე. საქმის მასალებში არსებული პატაკების თანახმად, სამართალდამცავები აპირებდნენ ელგუჯა ცომაიას კუთვნილებაში მყოფი ორი საცხოვრებლის ჩხრეკას, ერთი თბილისში, ერწოს ქუჩაზე მდებარე ბინის და მეორე - მცხეთის რაიონში, სოფელ ძეგვში არსებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას. ეს დოკუმენტები მეტყველებს იმაზე, რომ პირველი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლებამ ისიც კი არ იცოდა, მიხეილ სააკაშვილი იყო თუ არა ელგუჯა ცომაიასთან და თუ იყო, რომელ სახლში აფარებდა თავს. შესაბამისად, ღარიბაშვილის განცხადება, რომ ყველაფერს აკონტროლებდნენ, არის ბლეფი“.

პირველ ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.

პირველ ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია.

საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

პირველ ოქტომბერსვე დააკავეს სამართალდამცავებმა ელგუჯა ცომაია. ის თბილისში, ბენზინგასამართ სადგურზე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გააჩერეს, გაჩხრიკეს, რის შემდეგაც მასთან ერთად მის საცხოვრებელ ბინაში, ჩხრეკის მიზნით გადაინაცვლეს, სადაც თავს აფარებდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

ელგუჯა ცომაიას ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ 30 სექტემბერს, ღამის საათებში, მიხეილ სააკაშვილი მასთან სახლში მიიყვანა პირმა, რომელსაც ეკეთა პირბადე და სათვალე. ბექა ბასილაიას თქმით, საქმის მასალების თანახმად, პირის ვინაობა, ვინც მიხეილ სააკაშვილი ელგუჯა ცომაიასთან მიიყვანა, დადგენილი არ არის.

ელგუჯა ცომაიას გამოძიება ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) გათვალისწინებული დანაშაულს, რაც სასჯელის ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ელგუჯა ცომაია არ არის ერთადერთი პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. 3 ოქტომბერს, გამთენიისას დააკავეს ცომაიას ახლობელი ოჯახის წევრები, მამა-შვილი, ზურაბ და შალვა წოწორიები. გამოძიების მტკიცებით, 2021 წლის 29 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, „ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს“.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 8 მილიონ ლარზე მეტის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

XS
SM
MD
LG