Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გადააყენა სპიკერი, დმიტრო რაზუმკოვი


დმიტრო რაზუმკოვი
დმიტრო რაზუმკოვი

დმიტრო რაზუმკოვი, უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერი, დეპუტატებმა თანამდებობიდან გადააყენეს. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიცირებული იყო უკრაინის პროსაპრეზიდენტო უმრავლესობის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის მიერ.


კენჭისყრის შედეგად რაზუმკოვის გადაყენებას საჭიროზე მეტმა, 284-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მმართველი ძალის გარდა, მომხრეთა შორის აღმოჩნდნენ იულია ტიმოშენკოს „ბატკივშჩინისა“ და სხვა სადეპუტატო ჯგუფების წარმომადგენლები.

დმიტრო რაზუმკოვის გადაყენების წინააღმდეგ უყარეს კენჭი ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობის“ და პრორუსული „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“ დეპუტატთა ჯგუფებმა.
მანამდე, უკრაინის უმაღლესმა რადამ თავის თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს ორი დღით აუკრძალა პლენარული სხდომების გაძღოლა. ეს მოხდა რაზუმკოვსა და უდიდეს ფრაქცია „ხალხის მსახურს“ შორის კონფლიქტის ფონზე.

რაზუმკოვი ზელენსკის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო 2019 წელს და რადის თავმჯდომარე გახდა, როგორც ზელენსკისთან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაახლოებული პოლიტიკოსი. მოგვიანებით მასსა და პრეზიდენტის ოფისს შორის კონფლიქტი გაჩნდა. ზელენსკის მომხრეები რაზუმკოვს ბრალს სდებენ, რომ ის საბოტაჟს უკეთებს პრეზიდენტის ზოგიერთ ინიციატივას, კერძოდ, კანონს „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ. რაზუმკოვის კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ მას საკუთარი პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა პრეზიდენტის თანამდებობისთვის ბრძოლის ჩათვლით.

თავის მხრივ, დმიტრო რაზუმკოვმა უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა კანონის უზენაესობის პრინციპებზე უარის თქმისა და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმისთვის. ხოლო ერთ-ერთი ინტერვიუში ახსენა ე.წ. პანდარას არქივი, რომელშიც საუბარია ოფშორებთან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდო კავშირების შესახებ.

მისი გადაყენების შესახებ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, დმიტრო რაზუმკოვს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG