Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე: ვთავაზობთ სახელმწიფოს, სააკაშვილის საქმეებზე გადაწყვეტილება ჰააგის მოსამართლეებმა მიიღონ 


ანა დოლიძე, პარტიის "ხალხისთვის" ლიდერი
ანა დოლიძე, პარტიის "ხალხისთვის" ლიდერი

პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ წარადგინა ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე ისე, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება შენარჩუნებული იყოს. ანა დოლიძის თანახმად, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან, ჰააგიდან ჩამოყვანილი მოსამართლეების მონაწილეობით იმ მოდელით, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინის მოდელის სახელითაა ცნობილი.

„ბოსნია-ჰერცეგოვინაში შეიქმნა ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული სასამართლო, რაც გულისხმობს, რომ ადგილობრივ სასამართლო სისტემაში, რომელშიც იყო კითხვის ნიშნები კომპეტენციაზე, მიკერძოებულობაზე, შეიქმნა სპეციალური პალატა. ჩვენ ვთავაზობთ, რომ შეიქმნას სპეციალური ორი პალატა ჩვენი სასამართლოების სისტემაში საერთაშორისო პროცედურებით. ეს პროცედურები თავიდან ბოლომდე უკვე არსებობს ჩამოყალიბებული ჰააგაში“, - განაცხადა ანა დოლიძემ „დღის საუბრებში“. მისი თქმით, პალატა პირველ და საკასაციო ინსტანციებში შეიქმნება. შესაბამისად, საქმეები, რომლებზეც განაჩენი უკვე გამოტანილია, საკასაციო პალატაში წავა, ხოლო საქმეები, რომლებზეც ბრალია წაყენებული და დასრულებული არ არის, პირველი ინსტანციის პალატაში, გადაწყვეტილებებს კი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან, კერძოდ, ჰააგიდან ჩამოყვანილი მოსამართლეები მიიღებენ.

„ამით ჩვენ შევძლებთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით წარვმართოთ ეს პროცესი. თან რასაც შევძლებთ, პროკურატურას ვაიძულებთ, რომ რეალური მტკიცებულებები წარადგინოს იმიტომ, რომ არ იქნება დარწმუნებული, რომ ეს კლანი ყველაფერს გაუკეთებს. დღეს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს ყოფილი პრეზიდენტების პროცესები. ისრაელი, საფრანგეთი, დღევანდელ დღეს სარკოზიც სასამართლოშია. და ჩვენ თუ ეს კარგად ჩავატარეთ, არათუ გვეცოდინება, რომ სტრასბურგში ყველაფერი წესრიგში იქნება, გვეცოდინება, რომ სააკაშვილის უფლებებია დაცული, გვეცოდინება სიმართლე, რა მოხდა და სახელმწიფოებრივადაც გვაქვს შანსი, რომ უნიკალური ნახტომი გავაკეთოთ სამართლიანობის თვალსაზრისით და იმ ქვეყნების რიგში დავდგეთ, სადაც მახინჯი და შეთითხნილი პროცესები აღარ იმართება“, - განაცხადა ანა დოლიძემ „დღის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ ამ ინიციატივაში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი არ აქვს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამჟამად, სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ორ საქმეს. ერთი საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. რაც შეეხება მეორე საქმეს, ის უკავშირდება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს, ე.წ. პიჯაკების საქმეს. „7 ნოემბრის საქმის“ სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. ე.წ. პიჯაკების საქმეზე კი სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევს.

XS
SM
MD
LG