საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლასა და მის დაკავებასთან დაკავშირებით ღია წერილს აქვეყნებს. ეს წერილი ღარიბაშვილის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
ღარიბაშვილი ორ ვარაუდს გამოთქვამს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე:
- "ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში;
- "ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა".
"მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ", - აცხადებს ღარიბაშვილი.
მისი თქმით, აბსურდული ვერსიაა, რომ ის შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ამ ვერსიას ამყარებს იმით, რომ "ქურდულად და კანონის დარღვევით" შემოვიდა საქართველოში და არა "ვაჟკაცურად". პრემიერი აქვე აკეთებს მინიშნებას ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით - "ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია".
"ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა", - ამბობს ის.
ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული, რადგან მაქსიმუმ 5000 კაცის შეკრებას შეძლება და უმარტივესად დაშლიდა პოლიცია წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით.
"სინამდვილეში კი, "ნაციონალური მოძრაობა" არის კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ხელმოცარული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არაფრის სწორად დაგეგმვა და მართვა არ შეუძლია. სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული. სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე "წარმატებით" დაგეგმა, როგორი "წარმატებითაც" თავის დროზე ქვეყანას მართავდა", - წერია მიმართვაში.
აქვე ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავისი პროპაგანდისტული "პარტიული ტელევიზიებით" ცდილობს დაამკვიდროს ყალბი აღქმა "ჩამოშლილი სახელმწიფოს" შესახებ.
"ეს ტყუილი, აშკარაა, რომ თავადვე დაიჯერეს. სინამდვილეში, "ჩამოშლილი სახელმწიფოს" ნაცვლად, სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა. სწორედ ამ ყველაფრით აიხსნება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილებაც ციხეში შესვლამდე და ციხეში შესვლის შემდეგ - გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს", - წერს ის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.