Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი წესებით ვირჩევთ თვითმმართველობას - გადავხედოთ, რა ცვლილებები შევიდა საარჩევნო კანონმდებლობაში


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე იყო მცდელობა, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელებულიყო საარჩევნო კოდექსში და გატარებულიყო "ამბიციური საარჩევნო რეფორმა".

რატომ შეიცვალა საარჩევნო კოდექსი?

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში, ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი პირობა „ამბიციური საარჩევნო რეფორმის” განხორციელება გახდა.

2021 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელთა მიზანიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება იყო. რეფორმებზე სამუშაო პროცესი რამდენიმე თვეს გაგრძელდა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში, ასევე, აისახა პოლიტიკურ პარტიებს შორის 2021 წლის 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებებიც.

რა შეიცვალა?

აგიტაცია-პროპაგანდა და ამომრჩეველზე ზეწოლა

  • არჩევნების დღეს დაუშვებელია საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას დაექვემდებარება.

ამომრჩეველთა აღრიცხვა

  • აიკრძალა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, აიკრძალა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ამომრჩეველთა რეგისტრაცია

  • საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის დღეს, პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს აღარ აქვთ უფლება, შეასრულონ ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქცია.

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ეს კომისიის წევრებს არათანაბარ პირობებში აყენებს, ასევე, ამ შეზღუდვამ, შესაძლოა, საარჩევნო პროცედურების ჯეროვან აღსრულებას ხელი შეუშალოს.

საარჩევნო ბარიერი

  • მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისას შემცირდა საარჩევნო ბარიერი და გაიზარდა პროპორციულად არჩეულ საკრებულოს წევრთა წილი. შესაბამისად, ცვლილებები უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში უფრო პროპორციულ ასახვას;
  • საკრებულოს მაჟორიტარად პირველივე ტურში ასარჩევად საჭირო გახდა ამომრჩევლის მინიმუმ 40%-ის მხარდაჭერის მოპოვება.

შესწორების ოქმები

  • აიკრძალა საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა კენჭისყრის დღის შემდგომ დღეებში; საოლქო საარჩევნო კომისიას აეკრძალა ოქმში შესწორების შეტანა ბიულეტენების გადათვლის გარეშე; სავალდებულო წესით კომისიები გადაითვლიან საარჩევნო უბნების 10%-ს.

საარჩევნო კოდექსში ამ ჩანაწერის არსებობა განაპირობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საუბნო საარჩევნო კომისიის დახურვისა და დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შესწორების ოქმების სიმრავლემ. შესწორების ოქმები, ძირითადად, ბიულეტენების გადათვლის გარეშე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებების (მათ შორის, ზეპირი) საფუძველზე გამოიცემოდა, რამაც საგრძნობლად შეამცირა საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე შედეგების შეჯამების პროცესის მიმართ ნდობა.

გასაჩივრების წესი

  • ზემდგომ საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარსადგენად უნდა ჩამოყალიბდეს უფლებამოსილი პირების სპეციალური ბაზა და საჩივრის წარდგენა ელექტრონულადაც იქნება შესაძლებელი; ასევე, გაიზარდა გასაჩივრების და საჩივრების/სარჩელების განხილვის გარკვეული ვადები.

საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციით, ასევე, გაიზარდა გასაჩივრების და განხილვის გარკვეული ვადები, კერძოდ:

  • საოლქო საარჩევნო კომისიებს საჩივრების განსახილველად ორი დღის ნაცვლად ოთხი დღე ექნებათ, ეს გამოწვეულია იმ გარემოებიდან, რომ ხშირად საჩივრის განხილვა ბიულეტენების ხელახალ გადათვლასაც მოიცავს;
  • სააპელაციო სასამართლოს სარჩელების განსახილველად ერთის ნაცვლად ორი დღე ექნება;
  • საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრება მისი მიღებიდან ერთი დღის ნაცვლად ორ კალენდარულ დღეში იქნება შესაძლებელი;
  • ცესკოს ზემოაღნიშნული საჩივრის განსახილველად ერთი დღის ნაცვლად ორ დღის ვადა ექნება;
  • ცესკოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება ერთი დღის ნაცვლად ორ კალენდარულ დღეში იქნება შესაძლებელი.

შედეგების გადამოწმება

  • განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-6 დღისა, თავისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები.

შემთხვევითი წესით შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლა დამატებითი მექანიზმია საარჩევნო უბნის მონაცემების უტყუარობის შესამოწმებლად და, სათანადო წესების დაცვის შემთხვევაში, ხელს შეუწყობს შედეგებისადმი ნდობის ამაღლებას.

პროპორციული და მაჟორიტარული ადგილების თანაფარდობა

  • შეიცვალა პროპორციული და მაჟორიტარული ადგილების თანაფარდობა და მაჟორიტარული კომპონენტის ტიპი. მათ შორის, თბილისის საკრებულოში მანდატების სიმეტრიული განაწილების (25 პროპორციული, 25 მაჟორიტარული) ნაცვლად, წევრთა 80% პროპორციული წესით აირჩევა. ამავე პრინციპით უნდა აირჩეს საკრებულოს შემადგენლობის იგივე წილი სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც, სადაც მანამდე პროპორციული ადგილების წილი 60%-ს უტოლდებოდა. თვითმმართველი თემების საკრებულოში პროპორციული ადგილების წილი სრული შემადგენლობის 2/3-მდე გაიზარდა. მანამდე, ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 49%-ს შეადგენდა.

საარჩევნო ბარიერი

  • შემცირდა საკრებულოს არჩევნებისთვის დაწესებული საარჩევნო ბარიერი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის მინიმალურ ბარიერად - 2.5%, ხოლო ყველა სხვა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში 3% განისაზღვრა. ამ ცვლილებამდე, ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში საარჩევნო სუბიექტებს, პარტიული სიებით ადგილების მისაღებად, ხმების არანაკლებ 4%-ის მოგროვება მოეთხოვებოდათ.

ბარიერის დაწევა ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში მეტი პოლიტიკური პარტიის შესვლას უზრუნველყოფს. თუმცა, ზოგიერთ ოლქში გასანაწილებელი მანდატების რაოდენობის სიმცირის გამო, ხმების მინიმალური რაოდენობით ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტია საკრებულოში მხოლოდ ერთ ადგილს მოიპოვებს.

  • ადგილობრივ ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებისთვის, ხმების შეფარდებითი უმრავლესობის ნაცვლად, კანდიდატებს 40%-ზე მეტი მხარდაჭერის მოპოვება მოეთხოვებათ.

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს გამარჯვებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას, ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის მეორე ტურის კენჭისყრა უნდა გაიმართოს. თუ ორზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, არჩევნების მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მონაწილეობს. მეორე ტურში გამარჯვებას ის კანდიდატი მოიპოვებს, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

  • საქართველოს საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციით, თბილისის საკრებულოს შემადგენლობა კვლავ 50 წევრით განისაზღვრა, სხვა თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა რაოდენობა კი 25-დან 35-მდე გაიზარდა. თვითმმართველი თემების შემთხვევაში კი, რაოდენობა განსხვავებულია და საკრებულოს 18-დან 45-წევრამდე მერყეობს.

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი

ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 12-დან 17-მდე გაიზარდა, საიდანაც 9-ს პარიტეტის პრინციპით ნიშნავს 9 პოლიტიკური პარტია.

ამით გაიზარდა პარტიული წარმომადგენლობა და საარჩევნო კომისიების შედგენის წესი შედარებით სამართლიანი გახადა.

რა დარჩა უცვლელი

კანონი კვლავ არაფერს ამბობს დაუბალანსებელ ოქმებზე, რაც არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყოფილა - არასამთავრობო სექტორი თვლიდა, რომ ეს საკითხი საზოგადოებაში არჩევნებისადმი ნდობის გასაზრდელად, დარეგულირებული უნდა ყოფილიყო.

43%-იანი ვალდებულების ანულირება

შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მიერ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლების მიღების შემთხვევაში, 2022 წელს უნდა დანიშნულიყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

19 აპრილს ხელმოწერილი „შარლ მიშელის შეთანხმება“ 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ” ანულირებულად გამოაცხადა.

მთავარი ციფრები და ფაქტები

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 84 საარჩევნო ოლქში 3 492 172-ია.

2 ოქტომბერს მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტში, კერძოდ, 59 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ (მერი) და წარმომადგენლობით (საკრებულო) ორგანოებს აირჩევს. ჯამში 64 მერსა და საკრებულოების 2068 წევრს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

წინასაარჩევნო პერიოდში დაკომპლექტდა საოლქო (219 ვაკანტური პოზიცია) და საუბნო საარჩევნო კომისიები (29 312 ვაკანტური პოზიცია).

  • საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევისას რამდენიმე საყურადღებო ტენდენცია გამოვლინდა, მათ შორის ის, რომ არჩეულ წევრთა ნაწილი, მათი ამჟამინდელი ან წარსული სამსახურებრივი საქმიანობით, მმართველ პარტიასთან არის დაკავშირებული.
  • საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მონიტორინგისას თვალშისაცემი იყო კომისიის წევრთა არაინფორმირებულობა მათი დამნიშნავი/წარმდგენი პოლიტიკური პარტიის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ პირებს უკვირდათ, რომ ისინი პოლიტიკური პარტიის მიერ ნომინირებულები არ იყვნენ. ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა ნაწილმა არ იცოდა, რომელი პარტიიდან იყო დანიშნული; მათ თავი მმართველი პარტიის წარმომადგენლად მიაჩნდათ და მხოლოდ ტრენინგზე, შესაბამისი სიის შევსებისას, აღმოაჩინეს წარმდგენი პარტიის დასახელება, რამაც ზოგიერთი მათგანის გულისწყრომაც გამოიწვია.
XS
SM
MD
LG